არჩევნები 2020

უგულავა რომან გოცირიძეს: ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია

ტაბულა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა რომან გოცირიძეს Facebook-ზე გამოეხმაურა. რამდენიმე საათით ადრე, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, პალიტრანიუსის ეთერში რეგიონებში ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინაციის საკითხზე ისაუბრა. 

წამყვანის კითხვაზე დაუჭერს თუ არა ნაციონალური მოძრაობა მხარს გიგი უგულავას თუკი, იგი, ზუგიდიდის ოლქში დააყენებს კანდიდატურას გოცირიძე პასუხობს, რომ გამორიცხულია მისმა პარტიამ ზუგიდიდში კანდიდატი არ დააყენოს.

"არ ვიცი გიგი უგულავა სად დააყენებს კანდიდატურას, მაგრამ თუ თავის კანდიდატურას ზუგდიდში დააყენებს გამორიცხულია, რომ ზუგდიდში ჩვენი კანდიდატურა არ დავაყენოთ, ვინაიდან ეს ქალაქი ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის მნიშვნელოვანი მხარდამჭერით გამოირჩეოდა". –განაცხადა გოცირიძემ.

უგულავა საპასუხო პოსტში აცხადებს, რომ ზუგდიდში კენჭისყრაზე არც უფიქრია და ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის დამარცხების მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებაა. 

"ჩემო ძვირფასო ბატონო რომან, ევროპული საქართველო არის მთავარი ლოკომოტივი ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის, რადგან ეს მიგვაჩნია ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვების მნიშვნელოვან წინაპირობად. ასევე ვთვლით, რომ მაჟორიტარის შეჯერება არ ავნებს პარტიებს პროპორციულ ნაწილში, მარტივად, პარტიებს ამით ხმები არ აკლდებათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეთანხმებებით ვმოქმედებთ და იმედი მაქვს რომ ენემეც ასე მოიქცევა.

p.s. ზოგადად, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ". – წერია უგულავას მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ცნობისთვის, ოპოზიციაში თბილისის რვიდან ექვს ოლქში კანდიდატების შეთანხმება მოხერხდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება პარტიების კოორდინაცია რეგიონებზე გადანაწილებულ 22 მაჟორიტარულ ოლქში. 

რამდენიმე დღის წინ, ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის 30-ივე კანდიდატი დაასახელა .

კომენტარები