თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ადვოკატი ბაჩალიაშვილის საფულეში ნანახ ჩანაწერებზე: ჯერჯერობით არაფრის მთქმელი არ არის

ტაბულა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, თვითმკვლელობის ვერსიაზე ჯერ ფიქრიც არ შეიძლება. TV პირველის ეთერში მან გავრცელებული ინფორმაცია განმარტა, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილის მანქანაში ოჯახისთვის განკუთვნილი წერილი იპოვეს – "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ". ადვოკატი ამბობს, რომ საფულეში ძალიან ბევრი ყოველდღიური ჩანაწერი ნახეს და ეს "ჯერჯერობით, არაფრისმთქმელი არ არის".

"საფულეში ედო პატარა ოთხკუთხედი ფურცლები და ძალიან ბევრი ჩანაწერია, რომელიც ყოველდღიურად კეთდება ადამიანის მიერ. ეს როდინდელია ან ვის მიმართ არის განკუთვნილი –"ანაბარი გამოიყენეთ" - [არ ვიცით].

კიდევ ძალიან ბევრი ჩანაწერია – "ერთად წავიდეთ", "იქ მივდივართ", "აქ უნდა მოვიდე"... როდინდელია, საერთოდ რისი ჩანაწერია, [საფულეში] ძალიან ბევრი პლასტიკური ბარათი დევს და [ფურცელზე] არც ანაბარის ნომერი წერია, არც გვარი წერია – ვისთვის არის განკუთვნილი თუ არის საერთოდ ვინმეს მიმართ.

ასე რომ მე ვერანაირად ვერ ვუკავშირებ, თითქოს ვიღაცას დაუტოვა, რომ გამოიყენოს. ჯერჯერობით, არაფრის მთქმელი არ არის, შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, თითქოს წინასწარ ვიღაცას დაუტოვა და ამით მინიშნება გაუკეთოს, წინასწარ მაგის თქმა არ შეიძლება, ჯერ ადრეა ამაზე ფიქრიც კი. არა, არა, არა, ჯერ მაგაზე [თვითმვლელობის ვერსიაზე] ფიქრიც არ შეიძლება". – თქვა რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე-კამერებმა, ის, ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ ერთერთ სოფელში შეამჩნიეს. 

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტური სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

კომენტარები