ბელარუსმა ამერიკული ნავთობის მეორე პარტია შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კონცერნის პრესსპიკერი ალექსანდრ ტიშენკო ავრცელებს.
ტიშენკოს ინფორმაციით, ტექსასში ბიმონტის პორტში ბელარუსისთვის განკუთვნილი ნავთობი უკვე ტანკერზე იტვირთება. საუბარია დაახლოებით, 80 ათას ტონა ნავთობზე, რომელიც ბელარუსში 6-8 აგვისტოს პერიოდში ჩავა.
ამერიკული ნავთობის შესყიდვის დაწყების შესახებ, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ მაისში განაცხადა. მხარეებს შორის შეთანხმება თებერვალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს შედგა.
ამერიკული ნავთობის პირველი პარტია ბელარუსში ივნისის დასაწყისში ჩავიდა. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ბელარუსმა პირველად შეისყიდა ნავთობი Saudi Aramco-სგან.
2020 წლამდე ბელარუსი ნავთობს უცვლელად რუსეთისგან ყიდულობდა, თუმცა წინა წელს მხარეებს შორის სირთულეები წარმოიშვა. რუსეთი და ბელარუსი ვერ შეთანხმდნენ ნავთობის ფასსა და ხარისხზე. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ წლის დასაწყისში რუსეთმა რამდენიმე დღით ნავთობის მიწოდებაც შეწყვიტა.
სწორედ ამის შემდეგ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ნავთობის მარაგების დივერსიფიკაციის განკარგულება გასცა.





