დავით ცინარიძის საქმე

პროკურატურა: ცინარიძის წინააღმდეგ ცოლმა ჩვენება არ მისცა, ამის შემდეგ შეუფარდეს გირაო

პროკურატურის ინფორმაციით, 26 ივნისის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმემ საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის ცოლმა ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ქმრის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა. პროკურატურის ცნობით, ამის შემდეგ დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.  

"2020 წლის 26 ივნისს არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარემ მოწმის სახით დაიბარა დაზარალებული მ. ბ., რომელმაც გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.

დაზარალებულის პოზიციის დაფიქსირების შემდგომ დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულ დ. ც.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმების შესახებ და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება – გირაოს გამოყენების თაობაზე, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ დ. ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით". – აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ იქამდე, 2020 წლის 18 ივნისის წინა სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა. 

გამოძიება საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამმა ცინარიძემ ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობით  დაემუქრა,  რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გაისროლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2020 წლის 30 აპრილს შეუფარდა.

კომენტარები