საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, სახალხო დამცველთან ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს.
"პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს". – აცხადებს საგამოძიებო უწყება.
საქართველოს სახალხო დამცველმა პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალები ოფიციალურად 14 ივლისს მოსთხოვა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ, მათთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენცია ან/და მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება.
სახალხო დამცველი 13 ივლისს გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა. მოისმინა მათი პოზიცია და მოსაზრებები საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ. ომბუდსმენი ამბობს, რომ ოჯახი მხარს უჭერს სახალხო დამცველის ჩართულობას გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით.
ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს 17-ვე ბრალდებული.
"აპარატი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას, საქმის შესწავლის პარალელურად შეხვდეს და მოუსმინოს ბრალდებულთა ადვოკატებს, რათა მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიების მისამართით, მათი წუხილების ან/და საპროცესო უფლებადარღვევების თაობაზე. სახალხო დამცველის აპარატი ოფიციალურად მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის თხოვნით, რათა შევისწავლოთ გამოძიების ეფექტურობა და, მეორეს მხრივ, შეაფასოს სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.
პარალელურად, შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას მივაწვდით საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას და ასევე ჩვენს შეფასებებს. ვფიქრობთ, ჩვენი, როგორც მიუკერძოებელი მხარის, შეფასება, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას". – აცხადებს ომბუდსმენი.
გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამით დაიღუპა. ის 4 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. მაშველებმა მის ცხედარს 22 ივნისს, მდინარე არაგვში მიაგნეს.
გარდაცვალებამდე შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად მცხეთაში, დაბადების დღეზე იყო.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაბადების დღეზე, სადაც დაახლოებით 35 სტუმარი იმყოფებოდა, დაპირისპირება დაიწყო, რასაც შაქარაშვილი და მისი მეგობრები გაერიდნენ. დაპირისპირებაში ჩართული ახალგაზრდების ნაწილმა, "ნახალოვკელებმა", მეგობრებს დახმარება სთხოვეს და თბილისიდან "გამოიძახეს". მცხეთაში ისინი ორი მანქანით ჩავიდნენ. ერთ-ერთი ადამიანი რკინის კეტით იყო შეიარაღებული.
როცა ისინი მცხეთაში მივიდნენ, გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და კიდევ 2 ადამიანი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე იყვნენ და მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ, რათა წასულიყვნენ ლისის ტბაზე, სადაც, დაპირისპირების შემდეგ, დაბადების დღის სტუმრების ნაწილს წვეულება უნდა გაეგრძელებინა. სწორედ აქ გაუსწორდნენ ნაძალადეველები შაქარაშვილს და მის მეგობრებს. ნაწილი დაიმალა, ნაწილი – გაიქცა. სწორედ ამ მომენტიდან გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი.
საქმის გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.
დაკავებულია 17 ადამიანი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
საქმეს მედია შსს-ს პარალელურად იძიებს. რადიო თავისუფლებამ, ასევე, რამდენიმე ტელევიზიამ საქმის მასალები მოიპოვა. გამოიკვეთა არაერთი დეტალი, რომელზეც გამოძიება არაფერს ამბობს. მათ შორის, მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები.





