ხაზარაძის და ივანიშვილის შეხვედრა

ჩხარტიშვილი ხაზარაძესთან შეხვედრაზე: შოთაძე იქ შემთხვევით იყო, არაფერი უთქვამს

რუსთავი 2

ვანო ჩხარტიშვილი ატკიცებს, რომ შეხვედრაზე, რომელსაც თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილი და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდნენ, "მეგობრული გარჩევა" იყო და შოთაძე იქ შემთხვევით აღმოჩნდა. 

ჩხარტიშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში ყვება, რომ შეხვედრა მამუკა ხაზარაძის ინიციატივით შედგა.

"ბატონმა მამუკამ წარმოადგინა ეს ფაქტი, თითქოს ამ შეხვედრაზე დაზარალებულად გამოვიდა მამუკა ხაზარაძე, შეიკრიბნენ, მასზე იძალადეს და მას რაც უნდოდა, ვერ გააკეთა. 

იმ შეხვედრაზე საკონსტიტუციოზე დავა აბსოლუტურად არ ყოფილა. მე ვთვლი, რომ საერთოდ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა, აბსოლუტურად იყო შეცდომა. იმიტომ, რომ ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი შეხვედრა არ იყო საჭირო. მიუხედავად ამისა, ამ შეცდომიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ნათლად დაინახეს იქ მსხდომმა ადამიანებმა, თუ მორალურად ამ საქმეში ვისკენ იყო სიმართლე. იყო ძალიან მეგობრული გარჩევა, თუ ამას გარჩევას დავარქმევთ, უბრალოდ, იყო ფაქტების ფიქსაცია, რაში იყო საქმე.

ბატონმა მამუკამ ბრძანა, რომ თითქოს პროკურორი იყო. მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ერთი სიტყვაც არ ამოუღია. თუ პროკურორმა რაიმე თქვა, მაშინ ჩემ საზიანოდ უთქვამს, ხო? თუ მაგის ლოგიკით გავყვებით, მაშინ პროკურორიც მაგის მომხრე ყოფილა, ხო?" - ამბობს ჩხარტიშვილი. 

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, უქმნიდა თუ არა დისკომფორტს ის, რომ შეხვედრას მთავარი პროკურორი ესწრებოდა, რაზეც ჩხარტიშვილმა უპასუხა, რომ მთავარი პროკურორი "იყო შემთხვევით ამ შეხვედრაზე. ის არ იყო ამ შეხვედრაზე მოწვეული. ამ შეხვედრაზე აბსოლუტურად არაფერი არ უთქვამს და არ ყოფილა ამ შეხვედრის გამო" 

"ამ შეხვედრაზე საერთოდ არ გადაწყვეტილა საკითხი. საერთოდ, 30 მილიონზე არ იყო დავა, 18 მილიონზე იყო. ამ შეხვედრიდან ჩვენ დავამთავრეთ ისე, რომ არ ყოფილა რაიმე გადაწყვეტილება მიღებული. მოსმენილი იქნა ინფორმაცია", - თქვა ჩხარტიშვილმა. 

ჩხარტიშვილის თქმითვე, შეხვედრაზე მისვლა მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.  

"იქნებ, მოვისმინოთ, რა ხდება, ხომ არ შეიძლება, რომ ეს საკითხი მშვიდობიანად, რაღაც ფორმით მოლაპარაკების დონეზე გადაწყდეს. იყო ძალიან დიდ ორ სუბიეტს შორის ბრძოლა და მთავარი ამბავი იყო, რომ ეს ეხებოდა საბანკო სექტორს. გადაწყვეტილების მთავარი მიზანი, რატომ წავედი მე ასეთ გადაწყვეტილებაზე, მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ არ უთხოვია ბატონ ბიძინას სარჩელის გამოთხოვა, ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. 

მეორე დილით მე მივედი და ვუთხარი, რომ მე მივიღე გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საბანკო სისტემა დგებოდა ძალიან დიდი კრიზისის ქვეშ. ერთი პატარა მაგალითის გამო, ეს გადაწყვეტილება იქნებოდა პრეცედენტული. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა ბანკი, რომელიც ჩართული იყო გარიგებაში პროკურატურაში, გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი ადამიანისთვის. დაიწყებოდა ძალიან სერიოზული საბანკო სისტემის რღვევა. მე პირადად, არ მინდოდა, ამ პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი", - ამბობს ვანო ჩხარტიშვილი.  

ჩხარტიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძე შეხვედრას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, "თითქოს ბატონი ბიძინას სახლში მასზე ზეწოლა ხდებოდა. ამ დროს, თუ მაგ ლოგიკით წავალთ, ზეწოლა ჩემზე ყოფილა, ხო?" 

ჩხარტიშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მისთვის დავის შეწყვეტა არასდროს უთხოვია. მისივე სიტყვებით, როდესაც სარჩელის გამოტანის შესახებ უთხრა, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო.

"სიტყვა-სიტყვით მინდა გითხრათ - ვანო, ეს არის შენი გადაწყვეტილება, მე ამას შენ ვერ გეტყვი, მაგრამ, თუ ამას აკეთებ, ეს ძალიან კარგი არის ამ შემთხვევაში, რომ საერთო სტაბილურობა შეიქმნას საბანკო სისტემისთვის. ეს იყო ჩვენი საუბარი და დავამთავრეთ", - ამბობს ჩხარტიშვილი.

მამუკა ხაზარაძემ 2019 წელს თქვა, რომ მის ბიძინა ივანიშვილსა და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრას მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. ხაზარაძემ თქვა, რომ ივანიშვილი "საქმეებს არჩევდა", უნდოდა, ხაზარაძეს ჩხარტიშვილისათვის ფული გადაეხადა. 

"არსებობს ასეთი პერსონა, ვანო ჩხარტიშვილი, მიჭირს, ბიზნესმენი დავუძახო. მთავრობის ცვლილების მერე, მან ძალიან მოკლე ხანში ჩვენი ბანკის წინააღმდეგ აღძრა საქმე და დაიწყო სამართლებრივი დავა. ვანო ჩხარტიშვილი თიბისი ბანკს სთხოვდა 30 მილიონ ლარს. ჩვენი იურისტები ჩაერთნენ ამაში და აღმოვაჩინეთ, რომ ანალოგიური საქმეები მას აღძრული ჰქონდა სხვადასხვა კომპანიის მიმართ და ყველა ეს საქმე ხვდებოდა ერთ მოსამართლესთან. ეს სია, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. ყველა ეს საქმე, რა თქმა უნდა, მისი მოგებით ცხვებოდა, როგორც იმერული ხაჭაპური. ჩვენ მივხვდით, რომ მსგავს რიგში ვიდექით ჩვენც, რუსულად ამას ჰქვია "ნაეზდი", ეს არის ცნობილი სიტყვა, როცა პოლიტიკური, პროკურატურის და სასამართლოს გაერთიანება ხდება ფულის ამოღების მიზნით," - ამბობდა ხაზარაძე. 

როგორც ხაზარაძე ყვება, ამ საქმით ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში წავიდნენ, თუმცა ივანიშვილის პირადი დარეკვისა და თხოვნის შემდეგ, სარჩელი უკან გამოიტანეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, - "ერთადაც დამიჯენია ისინი და ჩხარტიშვილმა 100:0 მოუგო მათ, იჯდა ხაზარაძე და ჯაფარიძე," - თქვა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც ჩხარტიშვილისა და თიბისის დავის შესახებ ლაპარაკობდა. 

ვრცლად შეხვედრის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები