კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

ჯოხთაბერიძე ბექაურს: მერე ვიძახოთ, კონგრესი არ ვარგა, ლობირებას არ გამოუწვევია ის კრიტიკა

კომპანია მაგთის უმსხვილესი წილის მფლობელმა, გია ჯოხთაბერიძემ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური გააკრიტიკა და უთხრა, რომ მისი ქმედებების გამო ქართული ბაზარი ორმა უმსხვილესმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ დატოვა. 

ამის შესახებ ბიზნესმენმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ილაპარაკა, სადაც მარეგულირებლის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილებოდა, რომლის მიხედვითაც, კომისიას შესაძლებლობა მიეცემა, ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში დროებითი სპეციალური მმართველი დანიშნოს. 

"საქართველოს აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული მთელ მსოფლიოში, ცივილიზებულ სამყაროსთან, დასავლეთ სამყაროსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბიზნესის დაცვის შესახებ. მე არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე, მაგრამ, როდესაც ამერიკული კომპანია აქ ლიცენზიას იღებს და ამის შემდეგ რაღაც კანონს იღებ, რომლითაც შეგიძლია, დედა უტირო, წარმოგიდგენიათ რეაქცია? მერე ვიძახოთ, რომ კონგრესი არ ვარგა, ის არ ვარგა, ის კარგი დეპუტატია, ის ლობირებულია, რაღაცები. არავითარ ლობირებას არ გამოუწვევია ის საკითხები, რაც თქვენ იცით, არავითარ ლობირებას, არავითარ პიარს და იცით, რომ ეგ საკითხი არსებობს.

იცით, რაშია საქმე? მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც თქვენ ბრძანდებით თავმჯდომარე, ორმა უდიდესმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ მიატოვა საქართველო და წავიდა ჩვენგან. ეს არის, როგორც იქცევით თქვენ და რასაც ამბობთ იმ საჯარო შეხვედრებზე, რომლის ჩაწერაც დავიწყეთ ჩვენ ნოემბრიდან. აღარ უნდა ხალხს საქართველოში ინვესტირების გაკეთება". – თქვა გია ჯოხთაბერიძემ. 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, მოიცავს ცვლილებებს კანონებში, როგორც მაუწყებლობის, ისე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ. ამ ინიციატივის მიხედვით, კომისიას მიენიჭება უფლება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში წარადგინოს სპეციალური მმართველი, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ექნება.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების კომპანიის მიერ სასამართლოში გასაჩივრება აღარ გამოიწვევს აღსრულების შეჩერებას საქმის დასრულებამდე, როგორც ეს მანამდე ადმინისტრაციული კოდექსით იყო გათვალისწინებული.

კანონპროექტზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

კომენტარები