პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კოშკს უცვლელად აღადგენენ

GETTY IMAGES

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის ეთანხმება ფრანგულ საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კოშკი უცვლელად უნდა აღდგეს. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების შესახებ ხუთშაბათს ილაპარაკა.

აქამდე მაკრონი მე-13 საუკუნის ტაძრის აღდგენისას დიზაინში თანამედროვე ცვლილებების შეტანას ემხრობოდა.

ხანძრიდან ორი დღის შემდეგ პრემიერმინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ გამოცხადდებოდა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი ნოტრ-დამის ჭერისა და კოშკის ახალი დიზაინის შესარჩევად.

თუმცა YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით ფრანგების 54% თვლის, რომ კათედრალი იმ სახით უნდა აღდგეს, რომელიც მას ხანძრამდე ჰქონდა და არ ემხრობა დიზაინში თანამედროვე ცვლილებების შეტანას. 

ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიცვალა აზრი მაკრონმა დაკავშირებულია აღდგენითი სამუშაოების ხანრგძლივობასთან. ხანძრის შემდეგ მაკრონი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ღვთისმშობლის ტაძარს 5 წელიწადში აღადგენდნენ. პრეზიდენტის მიზანია ტაძარის აღდგენა 2024 წლისთვის, ოლიმპიადისთვის დასრულდეს. მაკრონის განცხადებით, თანამედროვე დიზაინის ჭერისა და კოშკის აშენება შეაფერხებდა რესტავრაციის პროცესს. 

ხანძარი პარისზის ღვთისმშობლის ტაძარში 2019 წლის 15 აპრილს დაიწყო. ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით კვლავ დაუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის გამო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული კათედრალის ხის უძველესი კონსტრუქცია დაიწვა და ტაძრის სახურავის ნაწილი და კოშკი ჩაინგრა, მაშველებმა მოახერხეს კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა. ასევე გადარჩა ტაძრის შიგნით განთავსებული რელიგიური ნივთები და ტაძრის ცნობილი ვიტრაჟები.


 

კომენტარები