“აია-სოფია მთელი ცივილიზაციის მონუმენტი უნდა იყოს” - მუსტაფა ქემალ ათათურქი
აია-სოფიას ტაძრის ისტორია, მომავალი და ერდოღანის პოლიტიკა
2 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესაძლებლობაზე იმსჯელა, კონკრეტულად კი იმაზე, კანონიერი იყო თუ არა მისი მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილება. განხილვა 17 წუთს გაგრძელდა და გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადაიდო. აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განხილვა თურქეთის სასამართლოში 2018 წელსაც გაიმართა, თუმცა სასამართლომ ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მაგრამ ამჯერად, თურქეთის პოლიტიკური კურსიდან და მთავრობის რიტორიკიდან გამომდინარე, ძნელი სავარაუდოა, რას გადაწყვეტს სახელმწიფო საბჭო. აია-სოფია უკვე 85 წელია მუზეუმის სტატუსს ატარებს და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მანამდე, 481 წლის განმავლობაში ის მეჩეთი იყო, კიდევ უფრო ადრე კი, 916 წლის განმავლობაში - ქრისტიანული ტაძარი.
ტაძრის ისტორია
აია-სოფიას (წმიდა სიბრძნის) კათედრალი კონსტანტინოპოლში (ახლანდელი სტამბოლი) მეექვსე საუკუნეში (532-537) იმპერატორ იუსტინიანე პირველის ბრძანებით აშენდა. მანამდე ამავე ადგილას სხვადასხვა დროს იდგა ორი ხის ეკლესია, რომლებიც ხანძარმა გაანადგურა.
კათედრალის აშენებაში ათი ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მშენებლობა ექვს წელში დასრულდა, რაც შთამბეჭდავი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, შუა საუკუნეებში პარიზის ღვთისმსშობლის ტაძრის მშენებლობა თითქმის ნახევარ საუკუნეს გრძელდებოდა. მშენებლობის სისწრაფემ მოგვიანებით სირთულეები გააჩინა, როდესაც მშენებლობის დასრულებიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ მიწისძვრის გამო ტაძრის გუმბათი ჩამოინგრა. ის აღადგინეს და ეს გუმბათი ტაძარს უკვე 1 400 წელია ამშვენებს.
ტაძარს ორი დონე აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მლოცველები სქესის და სოციალური სტატუსის მიხედვით იყვნენ განაწილებული. მას აქვს ცხრა შესასვლელი, რომელთაგან ცენტრალურით მხოლოდ იმპერატორი და მისი ამალა სარგებლობდნენ.
გუმბათის ქვეშ 40 სარკმელია, აქედან შემოსული სინათლე კი ტაძრის შთამბეჭდავ ფრესკებს ანათებს. ფრესკები მოგვიანებით, მეცხრე საუკუნიდან დაამატეს, რადგან მაშინ, როდესაც ტაძარი აშენდა, ბიზანტიაში ხატმებრძოლობის პერიოდი იყო და ტაძრებში ადამიანთა გამოსახვას ეწინააღმდეგებოდნენ.
ამის ნათელი მაგალითია აია-ირენეს (ღვთიური მშვიდობა) ტაძარი, რომელიც აია სოფიას მახლობლად მდებარეობს და ამჟამად თოფქაფის სასახლის შემადგენლობაში შედის. ტაძრის მორთულობას გუმბათზე გამოსახული ჯვარი და ფსალმუნები წარმოადგენდა.მიიჩნევა, რომ აია ირენე კონსტანტინოპოლის პირველი ტაძარია და ერთ-ერთია სტამბოლის იმ მცირერიცხოვან ტაძართაგან, რომლებიც მეჩეთად არ გადაუკეთებიათ. მეცხრამეტე საუკუნეში მას იარაღის საწყობად იყენებდნენ, მოგვიანებით კი მუზეუმად გადაკეთდა და პერიოდულად იქ კლასიკური მუსიკის კონცერტები იმართება.
ხატმებრძოლობის პერიოდის დასრულების შემდეგ მომდევნო იმპერატორებმა დაუკვეთეს წმინდანებისა და საკუთარი ფრესკებით აია-სოფიას ტაძრის მოხატვა. მათგან ყველაზე ცნობილი ფრესკაა მარიამ ღვთისმშობელი და ყრმა იესო, რომელიც გუმბათის ქვეშაა გამოსახული.
მიიჩნევა, რომ ეს ფრესკები ხატმებრძოლობის პერიოდის დასრულების შემდეგ შექმნილი ნამუშევრების საუკეთესო ნიმუშია.
მეჩეთად გადაკეთების შემდეგ, ვინაიდან ისლამი ადამიანების და ცხოველების გამოსახვას კრძალავს, ფრესკები მოაბათქაშეს, თუმცა არ გაუნადგურებიათ. ამან ისინი დაიცვა და მოგვიანებით მათი აღდგენა შესაძლებელი გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სულთანმა მეჰმედ მეორემ ბრძანება გასცა, არ დაეფარათ ღვთისმშობლის ზემოხსენებული ფრესკა და სერაფიმების გამოსახულებები, თუმცა მოგვიანებით ყველა ფრესკის სახე დაფარეს, მე-18 საუკუნეში კი ყველა ფრესკა სრულად დაიფარა. ბათქაშის ჩამოხსნა და ფრესკების აღდგენა ათათურქის მმართველობის დროს, მუზეუმად გადაკეთების შემდეგ დაიწყო.
ოსმალებმა კონსტანტინოპოლი მეჰმედ მეორის მეთაურობით 1453 წელს დაიპყრეს და აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს, თუმცა მისთვის სახელი არ შეუცვლიათ. მეჰმედ მეორის დროს დაემატა აია-სოფიას პირველი, ხის მინარეთი (რომელიც შემორჩენილი არ არის), ჭაღი, მიჰრაბი (ნიშა, რომელიც მექის მიმართულებას მიუთითებს) და მინბარი (მქადაგებლის კათედრა). მოგვიანებით მან, ან მისმა შვილმა ბაიაზიდ მეორემ კიდევ ერთი, წითელი მინარეთი აღმართეს. ბაიაზიდმა აღმართა კიდევ ერთი, თეთრი მინარეთი. დასავლეთის მხარეს ორი იდენტური მინარეთი კი სელიმ მეორის ან მურად მესამის დროს არის აშენებული.
მინარეთების გარდა ტაძარს დაემატა წარწერები - მუჰამედის და ოთხი ხალიფას სახელი არაბული კალიგრაფიით.
მუზეუმად გადაკეთების შემდეგ გაიტანეს ხალიჩა და გამოჩნდა მარმარილოს იატაკი.
ტაძრის არქიტექტურამ, განსაკუთრებით კი მისმა გუმბათმა ოსმალურ არქიტექტურაზე დიდი გავლენა მოახდინა. მათ შორისაა ლურჯი მეჩეთიც, რომელიც სულთან აჰმედ პირველის დროს, მეჩვიდმეტე საუკუნეში აშენდა. მეჩეთი აია-სოფიას პირდაპირ, ბაღის გადაღმა დგას. ეს მოქმედი მეჩეთია. ტურისტებს მისი დათვალიერება შეუძლიათ, მაგრამ მათ ჩაცმის წესები უნდა დაიცვან. ასევე, მეჩეთის ნაწილი მხოლოდ მლოცველთათვისაა განკუთვნილი და დამთვალიერებლებს იქ შესვლის უფლება არა აქვთ.
შესაძლოა, მსგავსი წესები გავრცელდეს აია-სოფიაზეც, თუ ის კვლავ მეჩეთად გადაკეთდება.
საგულისხმოა ქალაქ ტრაბზონში მდებარე აია-სოფიას ტაძრის ბედი. ტრაბზონის აია-სოფია მეცამეტე საუკუნეში აშენდა. 1461 წელს მეჰმედ მეორის მიერ ტრაბზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა. პირველი მსოფლიო ომის დროს იქ სამხედრო ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა, შემდეგ კი კვლავ მეჩეთად იქცა. 1964 წლიდან, როდესაც რესტავრაცია დასრულდა, გაიხსნა მუზეუმი, თუმცა, 2012 წელს თურქეთის მთავრობამ ნაგებობა ადგილობრივ მუსლიმთა გაერთიანებას გადასცა და 2013 წლიდან ტაძარში ისევ მეჩეთი გაიხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ იატაკსა და გუმბათზე მოზაიკა ამჟამად დაფარულია, კედლებზე ფრესკების ნაწილის დათვალიერება მნახველებს კვლავ შეუძლიათ.
ერდოღანის პოლიტიკა
აია-სოფია მუზეუმად თურქეთის პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის გადაწყვეტილებით გადაკეთდა. მან გამოაცხადა, რომ თუქეთის სახელმწიფოს ძლიერებას ცივილიზაცია, მეცნიერება და განათლება წარმოადგენს, ხოლო აია-სოფია მთელი ცივილიზაციის მონუმენტი უნდა იყოს.
ათათურქის აზრს არ იზიარებს თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 1990-იან წლებში პოლიტიკაში მოსვლიდან და აცხადებს, რომ აია-სოფია მუსლიმებისათვის სალოცავად უნდა გაიხსნას. მოგვიანებით მან პოლიტიკური კურსი და რიტორიკაც შეიცვალა, პოლიტიკურ ისლამზე დროებით უარი თქვა და ევროკავშირთან დაახლოება დაიწყო, თუმცა არაერთი იმედგაცრუების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა იმ აზრს, რომ აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთება “დიდი შეცდომა იყო”.
თურქეთმა წინასაარჩევნოდ ხელახლა წამოიწყო ლაპარაკი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე, თუმცა ეს მხოლოდ ამომრჩევლების მოზიდვას არ ემსახურებოდა. ერდოღანისთვის აია-სოფიას საკითხი მეტწილად პოლიტიკურია და ევროპისათვის მესიჯის გაგზავნას ემსახურება. თურქეთის ურთიერთობა ევროკავშირის წევრ ცალკეულ ქვეყნებსა და მთლიანად ბლოკთან ბოლო პერიოდში პრობლემური გახდა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
პირველ რიგში, გასათვალისწინებელია საბერძნეთის ფაქტორი. მართლმადიდებელი ბერძნებისათვის აია-სოფიას ტაძარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გასულ თვეს სტამბოლის აღების იუბილეზე აია-სოფიაში წაიკითხეს ყურანის ერთი თავი, რაც საბერძნეთმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ეს არღვევს იუნესკოს კონვენციას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი თქვა, რომ ეს ოფიციალური ათენის საქმე არ არის. "რას გავაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი საქმეა". - განაცხადა მან.
ერდოღანმა თურქეთში მცხოვრები მართლმადიდებელი ბერძნების თემს მიმართა: “თქვენ გვეუბნებით: “გთხოვთ, არ აქციოთ აია-სოფია მეჩეთად”. რას გულისხმობთ, რომ თურქეთი თქვენს სურვილს უნდა დაემორჩილოს? ჩვენ სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას ველით. ამის შემდეგ საჭირო ზომებს მივიღებთ”.
საბერძნეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირების საგანია კვიპროსი და ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულის ტერიტორიულ წყლებში არსებული ნავთობის მარაგი. საბერძნეთი და კვიპროსი იმ არეალს, სადაც გასულ წელს თურქეთმა მუშაობა დაიწყო ნავთობისა და გაზის საბადოების აღმოსაჩენად, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევენ. ამის გამო ორი თურქული ნავთობკომპანიის წარმომადგენლებს ევროკავშირმა სანქციები უკვე დაუწესა.
თურქეთი იმუქრება, რომ, თუ ევროკავშირი კიდევ დაუწესებს მათ სანქციებს, ისინი საპასუხო ზომებს მიიღებენ. ამჯერად ლაპარაკია საფრანგეთის მოთხოვნაზე, NATO-მ გამოიძიოს ხმელთაშუა ზღვაში გასულ კვირას ფრანგულ და თურქულ საბრძოლო ხომალდებს შორის მომხდარი ინციდენტი, რის გამოც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ სანქციების დაწესებას განიხილავენ. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების გამწვავებას ხელს უწყობს ლიბიაში არსებული კონფლიქტი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ თურქეთი ლიბიაში სახიფათო თამაშს თამაშობს. ერდოღანის მთავრობა მხარს უჭერს ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას და მათ ხალიფა ჰაფთარის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. საფრანგეთი უარყოფს, რომ მხარს უჭერს ხალიფა ჰაფთარს, თუმცა წარსულში ლიბიელ გენერალს ისლამისტი მებრძოლების დამარცხებაში დახმარებია და, ამასთანავე, აქტიურად თანამშრომლობს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჰაფთარს უჭერენ მხარს, კერძოდ კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ეგვიპტესთან. ჰაფთარის მხარდამხარ იბრძვიან დაქირავებული რუსი მებრძოლებიც.
ევროკავშირთან განხეთქილების კიდევ ერთი საგანია სავიზო ლიბერალიზაცია. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბრიუსელს მოუწოდა, შეასრულოს 2016 წელს ხელმოწერილი შეთანხმება მიგრაციის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირს თურქეთის წევრობის და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი უნდა განეახლებინა.
“ვიცი, რომ ევროკავშირს ეს არ მოსწონს, მაგრამ სავიზო ლიბერალიზაციის დაპირება დადეს და უნდა შეასრულონ, მოსწონთ ეს თუ არა”. - თქვა ჩავუშოღლუმ.
გარდა სავიზო ლიბერალიზაციისა, თურქეთს მიგრაციასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც აქვს. კერძოდ, ისინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი სირიელი მიგრანტების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საკმარის დახმარებას არ უწევენ თურქეთს. ამის გამო, სირიიდან წამოსული მიგრანტების ახალ ტალღას თურქეთმა საზღვრები გაუხსნა და საბერძნეთის საზღვართან სიტუაცია დაიძაბა.
იდეალური არ არის თურქეთის ურთიერთობა აშშ-სთანაც. დაპირისპირების საგანს წარმოადგენდა ამერიკელი პასტორის დაკავება, სირიის საკითხი და რუსეთისაგან სარაკეტო თავდაცვის ტექნიკის ყიდვა. თუმცა უკანასკნელ პერიოდში ლაპარაკი დაიწყო ურთიერთობის გაუმჯობესებაზე და ამ ფონზე მნიშვნელოვანია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გამოხმაურება აია-სოფიას საკითხზე.
პირველ ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი აია-სოფიას, რომელიც სტამბოლის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია, როგორც მუზეუმს, შესანიშნავად მართავდა თითქმის საუკუნის განმავლობაში.
"ჩვენ თურქეთის მთავრობას მოვუწოდებთ, დატოვოს აია-სოფია მუზეუმად, როგორც რწმენის ტრადიციების და მრავალფეროვანი ისტორიის პატივისცემის მაგალითი და უზრუნველყოს, რომ ის ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი". - ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.
ის აღნიშნავს, რომ მუზეუმის სტატუსი მთელი მსოფლიოდან ჩასულ ადამიანებს საშუალებას აძლევდა, მოენახულებინათ აია-სოფია, "რელიგიური გამოხატვის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიის გენიალურობის ნიმუში".
"აშშ აია-სოფიას სტატუსის შეცვლას აღიქვამს მისი ღირსშესანიშნავი არქიტექტურის და შეუდარებელი შესაძლებლობის - რაც ასე იშვიათია თანამედროვე სამყაროში - იყოს კაცობრიობისათვის აუცილებელი ხიდი ორ სხვადასხვა სარწმუნოებრივ ტრადიციას და კულტურას შორის - დაკნინებად. ჩვენ გვსურს, თურქეთის მთავრობასთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ სხვადასხვა საერთო ინტერესის საკითხზე, მათ შორის რელიგიური და კულტურული ძეგლების დაცვაზე". - ვკითხულობთ განცხადებაში.
ერდოღანმა კრიტიკა და მოწოდებები თურქეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად გამოაცხადა.
"აია-სოფიაზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრალდებები პირდაპირ მიზანში იღებს ჩვენს სუვერენულ უფლებებს...ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ მუსლიმთა უფლებების დაცვა, [რაც] ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის რწმენაა, ასევე, ყველა სხვა სარწმუნოებისა და რელიგიის წევრებისა”. - თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, მათ შორის სტაბოლში, სეკულარიზმის მომხრედ რჩება და ერდოღანის პოლიტიკას არ უჭერს მხარს. ეს დადასტურდა გასულ წელს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზეც, როდესაც ანაკარაში, სტამბოლში, იზმირსა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მუნიციპალური არჩევნები ერდოღანის მმართველობის რეფერენდუმად აღიქმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა პარტიამ ჯამში ხმების 51% აიღო, დიდ ქალაქებში მარცხი, განსაკუთრებით კი სტამბოლში, რომლის მერიც წარსულში თავად ერდოღანი იყო, მტკივნეული აღმოჩნდა, იმდენად, რომ საარჩევნო საბჭომ შედეგები გააუქმა და ხელახალი არჩევნები დანიშნა. ერდოღანის პარტიის კანდიდატი ბინალი ილდირიმი ოპონენტ ექრემ იმამოღლუსთან კვლავ დამარცხდა, თანაც ამჯერად კიდევ უფრო დიდი სხვაობით. ამის გათვალისწინებით, ნათელია, რომ სტამბოლის მოსახლეობის უმეტესობა ერდოღანის და მისი მთავრობის პოზიციას არ იზიარებს და აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას არ მიემხრობა. შესაძლოა, ამან უფრო დიდი გავლენა მოახდინოს სასამართლოზე, ვიდრე ერდოღანმა.