აშშ-ჩინეთი

FBI-ის დირექტორი: ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის

ქრისტოფერ ვრეი
Reuters

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, ჰუდსონის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე იმ საფრთხეზე ისაუბრა, რომელსაც ჩინეთი აშშ-ს უქმნის. 

ქრისტოფერ ვრეი ამბობს, რომ ჩინეთმა დაიწყო ახალი პროგრამა – “მელაზე ნადირობა”, რომლის ფარგლებშიც ჩინეთის ხელისუფლების სამიზნეს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩინელები, პოლიტიკური ოპონენტები, დისიდენტები და ჩინეთის ხელისუფლების კრიტიკოსები წარმოადგენენ. ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს მათ უკან, ჩინეთში დაბრუნება აიძულოს. ვრეიმ მოუწოდა აშშ-ში მცხოვრებ ჩინელებს, მიმართონ გამოძიების ფედერალურ ბიუროს, თუ ჩინეთის ხელისუფლება დაუკავშირდება მათ და ქვეყანაში დაბრუნებას აიძულებს.

ერთსაათიანი სიტყვით გამოსვლის დროს ბიუროს დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ჩინეთის ეკონომიკურ ჯაშუშობაზე, მონაცემთა მოპარვაზე, არალეგალურ პოლიტიკურ საქმიანობაზე, მოქრთამვასა და შანტაჟზე – ყველა იმ მოქმედებაზე, რითიც ჩინეთი ცდილობს გავლენა იქონიოს აშშ-ს პოლიტიკაზე.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის განცხადებით, ყოველ 10 საათში იხსნება ჩინეთთან დაკავშირებული ახალი კონტრსადაზვერვო საქმე. ამჟამად აქტიური 5000 საქმიდან თითქმის ნახევარი ჩინეთთან არის დაკავშირებული.

“ჩინეთი ცდილობს ნებისმერი საშუალებით გახდეს მსოფლიოს ერთადერთი სუპერძალა”. – თქვა ქრისტოფერ ვრეიმ.

ჰუდსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლა პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქრისტოფერ ვრეიმ ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა. 

უკანასკნელ პერიოდში აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიასთან არაეფექტური ბრძოლისთვის. ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონის მიღების გამო აშშ-ს კონგრესმა ჩინეთს ახალი სანქციები დაუწესა. კვირის დასაწყისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩინური სოცმედიააპლიკაციების შესაძლო აკრძალვაზე ისაუბრა.

კომენტარები