ფრენების აღდგენა

გახარია ფრენების აღდგენაზე: მოხდება ეტაპობრივად, გონივრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ფრენების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, გონივრულად და ნაბიჯ-ნაბიჯ. მისი თქმით, მთავრობის მოვალეობაა, შეინარჩუნოს ის მიღწევები, რაც ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში აქვს და თავიდან აიცილოს ვირუსის გავრცელების მინიმალური რისკიც კი. 

ევროკავშირის მიერ 15 ქვეყნისთვის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოც შედის, გახარია ამბობს, რომ საქართველოს მიღწევები ევროკავშირის დონეზეა აღიარებული.

"რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევა, რაც გვაქვს ჩვენ დღეს, პირველი - არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც. ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოვალეობა არის, რომ ვიზრუნო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ამის შემდეგ, ის აღიარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, გონივრულად უნდა "გადავთარგმნოთ", ამიტომ ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან, იმისთვის, რომ კონკრეტული პირდაპირი ფრენები იყოს აღდგენილი, რასაც სჭირდება გონივრული მიდგომა", - ამბობს გახარია. 

მისი თქმით, ამ დროისთვის, პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან.

პრემიერმინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, თუ როდის აღდგება პირდაპირი ფრენები, ქართველი ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნების პროგრამა ორშაბათიდან გაგრძელდება. გახარიას განმარტებით, დაიდება სია - რომელი ქვეყნიდან, რა სიხშირით და რომელ რიცხვში იქნება დანიშნული შეღავათიანი რეისები. მისივე თქმით, ემიგრანტებისთვის ბილეთის ფასი 200 ევროზე მეტი არ იქნება.   

რეგულარული ფრენები პირველი ივლისიდან უნდა აღდგენილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი თვით გადააავადა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს ავიახაზებს ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიანიჭა. მგზავრებს კი მოუწოდა, "თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით".

კომენტარები