გერმანიის ელჩი

კნირში 20 ივნისზე: პარლამენტის დაბლოკვა დემოკრატიული კამათის ნაწილი არ არის

თავდაპირველად მასალას ერქვა "კნირში 20 ივნისზე: პოლიციამ ხალხის საქციელის პირდაპირპროპორციულად იმოქმედა". სათაური შეიცვალა, ვინაიდან სადაო გახდა ის, ფრაზა "პოლიციის რეაქცია საჭიროების შემთხვევაში გადაჭარბებული არ არის", ნიშნავს, თუ არა იმას, რომ გამოყენებული ძალა პროპორციული იყო.

Commersant.ge

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა 9 დეკემბერს, გადაცემაში – Пограничная ZONA საუბრისას თქვა, რომ 20 ივნისს დემონსტრანტების მიერ პარლამენტის დაბლოკვის მცდელობა არ იყო დემოკარტიული კამათის ნაწილი და ასეთ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის რეაქცია არის საჭირო, ეს გადაჭარბებად არ ითვლება.   

კითხვაზე, რაც ახლა ხდება პარლამენტსა, თუ ქუჩაში, არის თუ არა დემოკრატიული პროცესის ნაწილი, გერმანიის ელჩი პასუხობს:

"აბსოლუტურად. ეს დემოკრატიული პროცესია, ეს ხდება პარლამენტში, ეს ხდება პარტიებს შორის დისკუსიებისას, და ეს ხდება ხალხის აქტიური მონაწილეობითაც, რომელიც ხანდახან გამოხატულია ქუჩის დემონსტრაციები, თუმცა ეს არის გზა, რომლითაც ხალხი მონაწილეობას იღებს პოლიტიკაში. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხალხის პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და პოლიციის რეაქცია, მაგალითად, თუ საჭიროა, არაა გადაჭარბება. ამ კუთხით ჩვენ წელს [დეკემბერშია ჩაწერილი] უარყოფითი მაგალითებიც ვნახეთ, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ პროგრესს ბოლო პერიოდში". – ამბობს ელჩი. 

შეკითხვაზე, იყო თუ არა დილის 5 საათზე პარლამენტთან აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დემოკრატიული პროცესი, ქნირში პასუხობს:

"ვფიქრობ, რომ იყო განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. საქართველოში პოლიციამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ უმკლავდებიან პროტესტს, როდესაც პროტესტი მაგალითად, ბლოკავს პარლამენტს და ეს მესმის. შენი, ან ჩემი ან დემოკრატიის სახლის დაბლოკვა, ეს დემოკრატიული დავის ნაწილი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ პროპორციულობა იყოს შენარჩუნებული. და როდესაც პოლიციას უწევს დემონსტრაციასთან გამკლავება, არ უნდა გამოიყენოს დისპროპორციული ძალა". – ამბობს ელჩი. 

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალიც დაკარგა. ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International, რომელმაც მთავრობას დაუყოვნებლივ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

"Amnesty International მოგიწოდებთ საქართველოს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების სასწრაფო, სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისაკენ, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებს მოხვდათ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი", - ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა საქართველოში 2019 წლის მოვლენების შესახებ ანგარიში 20-21 ივნისის ღამის მოვლენების განხილვით დაიწყო

"ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, რის გამოც პროტესტი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ, პარლამენტის სპიკერი პროტესტის ფონზე გადადგა და ხელისუფლებამ იმავე თვეში პირობა დადო, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა,"- წერია ანგარიშში. 

კომენტარები