პოლ სტრონსკი Foreign Policy-ში რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ დეზინფორმაციაზე წერს

GETTY IMAGES

გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს კარნეგის ფონდის ევრაზიის და რუსეთის პროგრამის მკვლევრის, პოლ სტრონსკის სტატიას სათაურით "ყოფილი საბჭოთა ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიები Covid-19-ს ებრძვიან. მოსკოვს ეს არ მოსწონს". სტრონსკი წერს, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა დეზინფორმაციის კამპანიის სამიზნედ იქცა.

"საბჭოთა პერიოდის ლაბორატორიები, რომლებიც დაავადებათა გავრცელების მეთვალყურეობის და ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად ცივი ომის დროს დაარსდა, ახლა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა. ამას რუსეთისათვის ხელი არ შეუშლია, მათ წინააღმდეგ პროპაგანდის და დეზინფორმაციის კამპანია დაეწყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხნის წინ გადაკეთდა სამოქალაქო მიზნებისთვის. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს ლაბორატორიები, რომლებიც საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში მდებარეობს, ერთ-ერთი იმ ყველაზე წარმატებული და კეთილმოსურნე საგარეო პროგრამის მემკვიდეობაა, რომელიც აშშ-ს ოდესმე განუხორციელებია". - წერს სტრონსკი.

ავტორი ყვება, რომ 1991 წელს ნუნ-ლუგარის საფრთხის კოოპერაციული შემცირების ინიციატივამ საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში დაიწყო ლაბორატორიების შექმნა, რომელთა მიზანი იყო მეცნიერების დახმარება მასობრივი განადგურების იარაღის გაქრობაში. დღეს ისინი მონიტორინგსა და ბიოუსაფრთხოების ექსპერტთა გადამზადებაში მონაწილეობენ.

"ამ ლაბორატორიების უმეტესობა იყო საბჭოთა სისტემის ნაწილი, რომელიც მეოცე საუკუნის შუაში კვლევითი ინსტიტუტების ქსელში შედიოდა და კვლევებს პათოგენების გავრცელების შესაჩერებლად ატარებდა. ზოგი მათგანი 1960-იან და 1970-იან წლებში საბჭოთა ბიოლოგიური იარაღის პროგრამაში ჩართეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ლაბორატორია დაცვის და დაფინანსების გარეშე დარჩა და აღდგენას საჭიროებდა. არსებობდა შიში, რომ ისინი ვეღარ შეძლებდნენ დაავადებათა გავრცელების მონიტორინგსა და კონტროლს და, შესაძლოა, ვინმეს ხელში ჩავარდნოდა სასიკვდილო პათოგენების ნიმუშები. ნუნ-ლუგარის პროგრამამ, რომელსაც სახელი მისი ავტორების, დემოკრატი სენატორის სემ ნუნის და რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის გამო ეწოდა, ეს გამოასწორა. პროგრამა ახლად დამოუკიდებლობამიღებულ ქვეყნებს დაეხმარა საბჭოთა ბიოლოგიური იარაღის მემკვიდრეობის დაშლასა და საშიში პათოგენების განადგურებაში. ზოგიერთი ლაბორატორია შეერთდა, გაუმჯობესდა და შეიძინა დაავადებების გავრცელებასთან ბრძოლის ახალი შესაძლებლობები. ზოგიერთი მათგანი, აშშ-ის დახმარებით უმაღლესი დონის დაწესებულებად იქცა."

სტრონსკი წერს, რომ სწორედ ეს ლაბორატორიები იქცა გადამწყვეტად რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლაში მაშინ, როდესაც მათ მეზობლად ჩინეთი, რუსეთი და ირანი მდებარეობენ, ქვეყნები, რომლებიც ვირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა.

"საქართველომ ამ დროისათვის შეძლო ვირუსის შეკავება. მას მთელ ევროპაში Covid-19-ით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს და ტურიზმისათვის გახსნას ივლისში გეგმავს...

...საქართველოში აშშ-ს მიერ დაფინანსებული ლაბორატორია, რომელსაც ახლა რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ჰქვია, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ნაწილია. მისი საწრაფი რეაგირების დანაყოფი იანვარში გააქტიურდა, მაშინ, როდესაც ევროპაში პანდემია ჯერ გავრცელებული არ იყო. თებერვლის დასაწყისისთვის ლაბორატორიას უკვე ჰქონდა ტესტირების შესაძლებლობა, რომელიც შედეგებს 24 საათში იძლეოდა. საფრთხის დროულად ამოცნობამ საქართველოს ჯანდაცვის სექტორს საშუალება მისცა, გამოევლინებინა, კარანტინში მოექცია, ემკურნალა პაციენტებისათვის და გამოევლინებინა კონტაქტები კრიზისის საწყის ეტაპზევე". - წერს სტრონსკი.

სტატიაში ნათქვამია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსით დაავადებული პაციენტი ჰყავდათ, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, მათ შეძლეს ინფექციის გაკონტროლება და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალი იყო. კრიზისზე დროულ რეაგირებას ყაზახეთშიც აშშ-ს პროგრამის მიერ დაფინანსებულმა ლაბორატორიამ შეუწყო ხელი. სტატიის მიხედვით, მარტის ბოლოს ყაზახეთში უკვე შესაძლებელი იყო ტესტის შედეგების 5 საათში გაგება.

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის კუთხით მიღწეულ წარმატებას რუსეთი არ შეუჩერებია. მათ ლაბორატორიები აშშ-სთან კავშირის გამო დაგმეს. რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნები მათ შესახებ შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ისინი ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად აშშ-ს საიდუმლო პროგრამის ნაწილია და მისი მიზანია სასიკვდილო პათოგენების და გადამდები დაავადებების გავრცელება. ამ პროპაგანდისტული კამპანიების დროს ლაბორატორიებს ასახელებდნენ სხვადასხვა დაავადების გავრცელების წყაროდ, მათ შორის ზიკას, ღორის გრიპის და ასევე ფაროსანას". - წერს ის.

სტრონსკი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობამ არაერთხელ ითხოვა და მიიღო ინფორმაცია ლაბორატორიებზე და რუსულ მედიას მათზე წვდომა მიეცათ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რუსეთსა და სომხეთს შორის ლაბორატორიის გამო დიპლომატიური დავისათვის. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ლაბორატორიები თანამშრომლობენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვებთან, რაც, მისი თქმით, ნათლად მიუთითებს, რომ ისინი ღიაა  და არაფერი აქვთ დასამალი, თუმცა ამ ყველაფერმა რუსული დეზინფორმაცია ვერ შეაჩერა.

"2019 წელს პოპულარული რუსული გადაცემის წამყვანმა რუსეთის სამხედრო ძალებს ყაზახეთში მდებარე ლაბორატორიის დაბომბვისაკენ მოუწოდა. ივნისში რუსეთის ტელევიზიამ დაიწყო მინიშნება იმაზე, რომ, შესაძლოა, საქართველოში მდებარე ლაბორატორია კორონავირუსის შექმნასთან იყო კავშირში. მსგავს ცრუ ისტორიებს ავრცელებდნენ სოციალურ მედიაში რუსი ტროლები, რომ ვირუსი ყაზახური ლაბორატორიიდან გავრცელდა. ივნისში რუსული გაზეთი თავს დაესხა უზბეკეთის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს მცდარი ბრალდებებით, რომ ლაბორატორიაში მომუშავე ამერიკელმა და ბრიტანელმა მკვლევრებმა ხალხში ბრუცელოზი გაავრცელეს. აშშ-სთან დაკავშირებულ ლაბორატორიებზე შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ჩაერთო ჩინეთიც". - წერს სტრონსკი.

ავტორი ასკვნის, რომ აშშ-ის საგარეო პროგრამების შედეგებს ამერიკელები ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად გრძნობენ და, შესაძლოა, ეს  იყოსერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქვეყნის ლიდერებმა ყურადღება გადაიტანეს მსოფლიოდან და აშშ-ს ტრადიციული გლობალური როლიდან, თუმცა ეს ლაბორატორიები არის შეხსენება იმისა, თუ რა პოზიტიური ძალა აქვს აშშ-ს ლიდერობას და რამდენი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია მას მსოფლიოში.

________________________

რუსეთმა ჰიბრიდული, თუ სხვა სახის ომი ლუგარის კვლევით ცენტრს ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როდესაც ლაბორატორიის მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული. მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის მანქანა, სხვადასხვა გზით, იქნებოდა ეს კრემლის მედია, თუ თავად რუსი მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის საჯარო განცხადებები, არაერთ ტყუილს ავრცელებდა ლაბორატორიის შესახებ.

რუსეთი საქართველოსგან მოითხოვს, ჰქონდეს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომის უფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 28 მაისს გამოაქვეყნა. რუსეთი აცხადებს, რომ, შესაძლოა, საქართველოში "ამერიკული საომარი და ბიოლოგიური მოქმედებები მიმდინარეობდეს".

უფრო მეტი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები