რუსეთი

მოსკოვიდან დანახული საზღვრები და ყალბი სუვერენიტეტი

ავტორები: გიორგი გათენაშვილი; მალხაზ რეხვიაშვილი.

რუსეთის პირველ არხზე, სხვა პროპაგანდისტულ გადაცემებთან ერთად, უკვე წლებია, გადის გადაცემა სახელად "მოსკოვი. კრემლი. პუტინი". გადაცემის მთავარი გმირი რუსეთის მეორე, მესამე, მეოთხე და, თუ არაფერი შეიცვალა, მეხუთე  პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინია. გადაცემის მიზანია, იმგვარად მიმოიხილოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური მოვლენები, რომ პუტინი წარმოაჩინოს მმართველად და ადამიანად. სამიზნე აუდიტორიას თავად რუსები წარმოადგენენ და მათ თვალში პუტინის გასაადამიანებლად შედევრები იქმნება. 

გავრილოვის ღამის წლისთავზე ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელდა ამ გადაცემის ფრიად საინტერესო და არც ისე უწყინარი სიუჟეტის მონაკვეთი, სადაც მმართველი სრულიად რუსეთისა ამბობს: "საბჭოთა კავშირში რესპუბლიკებს ჰქონდათ კავშირიდან გასვლის უფლება, თუმცა არ იყო გაწერილი პროცედურები. ხოლო, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა საბჭოთა კავშირს შეუერთდა, საკუთარ შემადგენლობაში მიიღო რუსული მიწების დიდი ნაწილი, ტრადიციული რუსული მიწები. შემდეგ უბრალოდ გადაწყვიტა, დაეტოვებინა კავშირი. მაშინ გასულიყო იმით, რითაც მოვიდა და არ გაეყოლებინა რუსი ხალხის საჩუქრები. რადგან ეს ყველაფერი არ იყო გაწერილი". 

ერთი შეხედვით, მსგავსი განცხადება თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის საშიშია და პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პუტინმა მორიგ მსხვერპლს დაადგა თვალი. თუმცა, რა თქმა უნდა, პუტინის ეს განცხადება სრული აბსურდია.  რუსეთს არც არავისთვის უჩუქებია მიწები და არც საბჭოთა კავშირს შეერთებია საკუთარი ნებითა და ტაშ-ფანდურით რომელიმე ქვეყანა. პუტინისა და კრემლისგან ისტორიის გაყალბება არ უნდა გაგვიკვირდეს. რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღი ხომ ნახევარსიმართლეების შეფუთვა და ისტორიის გაყალბებაა, ხოლო ამ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის საჭიროა კრემლის თვალით დავინახოთ ფაქტები და სიმართლე დავუპირისპიროთ. 
 
მივიჩნევ, რომ პუტინის ამ განცხადების სამიზნე, შესაძლოა, ბელარუსი ან ყაზახეთი ყოფილიყო. სამხედრო აგრესია ამ ქვეყნების წინააღმდეგ, დღევანდელი რუსეთის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა, მსგავსი მუქარის შემცველი განცხადებები კრემლის ჩვეული რიტორიკაა, განსაკუთრებით საკუთარი მოკავშირეების მიმართ. თუმცა იმის გასარკვევად, თუ რატომ ვფიქრობ, რომ სწორედ ბელარუსი და ყაზახეთი იყვნენ განცხადების სამიზნეები, ამ ქვეყნების ისტორიასა და რუსეთთან მათ დღევანდელ ურთიერთობას მიმოვიხილავ. ძალიან მოკლედ, მხოლოდ ზოგადი შთაბეჭდილების შესაქმნელად.

დღევანდელი ყაზახეთის ტერიტორია არაერთხელ ყოფილა რუსული აგრესიის მსხვერპლი. ყაზახეთის სახანოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია რუსეთმა 1760-იან წლებში დაიწყო. პირველი სამხედრო კამპანიის შედეგად რუსეთმა ის ტერიტორიები მიიერთა, რომლებიც დღევანდელი ყაზახეთის "დასავლეთ ყაზახეთისა და ატურაუს" რეგიონებია. საბჭოთა კავშირის ფორმირების პირველ წლებში, ეს ტერიტორიები რუსეთის სსრ-ს შემადგენლობაში რჩებოდა. ამავე დროს, საბჭოთა კავშირში მრავლად იყო აჯანყებები და დაუმორჩილებლობის მოძრაობები, რომელთა დაშოშმინებას კრემლი კომუნისტური სლოგანებით ვერ ახერხებდა. კომუნისტური სლოგანებით ვერ ხერხდებოდა ვერც ცენტრალურ აზიაში არსებული კონფლიქტების დაშოშმინება, სადაც კონფლიქტების მთავარი მიზეზი იყო ეთნიკური საკითხები. შესაბამისად, სტალინის მეთაურობით საბჭოთა კავშირში შემუშავდა ეროვნულ-ტერიტორიული დემარკაციის გეგმა, რომელსაც ცენტრალური აზიის ტერიტორია 5 რესპუბლიკად უნდა დაეყო ეთნიკურობის მიხედვით, რათა მომავალში თავიდან აეცილებინათ კონფლიქტები და აჯანყებები. სწორედ ამ გეგმის გათვალისწინებით, რუსეთის სსრ-მ გადასცა ყაზახეთის სსრ-ს ის ტერიტორიები, რომლებიც 1760-იანი წლების შემდეგ ჰქონდა დაპყრობილი. ისტორიის გაყალბების საკითხს რომ მივუბრუნდეთ, კრემლისეული განმარტებით, ტერიტორიის ორსაუკუნოვანი ანექსია ამ ტერიტორიას "ძირძველი რუსული მიწის" სტატუსს ანიჭებს, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ტერიტორია.

ბელორუსები ყველაზე გვიან გამოღვიძებული ერია. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და რუსეთის სსრ-ს დაფუძნებისთანავე რუსეთში ეშინოდათ, რომ დამეზობლება პოლონეთთან პირდაპირ, ერთგვარი ბუფერული სახელმწიფოს გარეშე, საფრთხეს წარმოადგენდა რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიებისთვის. მაშინ, როდესაც საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა თუ ბალტიისპირეთის ქვეყნები თვითგამორკვევის მოძრაობებს XIX საუკუნის ბოლოსა და XX ს.-ის პირველ წლებში იწყებენ, ბელარუსში ეს მხოლოდ ოციან წელებში ხდება შესაძლებელი. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბელარუსში მინსკის გუბერნია მხოლოდ 1793 წელს შეიქმნა, პოლონეთ-ლიეტუვის სამეფოს დაშლის შემდეგ და ამ ტერიტორიებზე პოლონეთი პრეტენზიებს აცხადებდა, თანაც - ლეგიტიმურად. ეს ლეგიტიმაცია რუსეთმა რიგის 1921 წლის ხელშეკრულებით ნაწილობრივ აღიარა კიდეც, როცა ბელარუსის ტერიტორიის ნაწილი, 4 მილიონი მოქალაქით დასახლებული, პოლონეთს გადასცა. პოლონეთის ინტერესი ამით არ დაკმაყოფილდებოდა და შემდგომი პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად სტალინის რეჟიმმა ბელარუსში ერის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ეს სტალინის გარეშეც მოხდებოდა - ბელორუსების ეთნიკურ ჯგუფში ეროვნული თვითშეგნების ფორმირება დაწყებული იყო და ადრე თუ გვიან აუცილებლად წარმატებით დასრულდებოდა, მაგრამ სტალინმა თავისი ჩარევით პროცესების დაჩქარება მოახერხა, იმისათვის, რომ საზღვარზე შეექმნა ბუფერული სსრ, რომელსაც ექნებოდა ეროვნული თვითშეგნება და მარტივად არ დაემორჩილებოდა პოლონურ ინტერვენციას, ასეთის დაწყების შემთხვევაში.

ამის პარალელურად რუსეთმა ბელარუსის სსრ-ს საზღვრები გაზარდა სამი მთავარი მოტივით: 1. ძლიერი რესპუბლიკა ეთნიკურ ნიადაგზე პოლონეთსა და რუსეთს შორის; 2. უკრაინაში ნაციონალისტურ მოძრაობათა დაბალანსება; 3. გრძელვადიან პერსპექტივაში, ბელარუსის სსრ, როგორც სამაგალითო საბჭოთა რესპუბლიკა მსოფლიო რევოლუციის დასაწყებად. აქ მთავარ მიზანს შეიძლება პოლონეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ზემოხსენებული 4 მილიონი ბელორუსის სენტიმენტებზე ზემოქმედებაც წარმოადგენდეს. ამიტომ რუსეთი ხელს უწყობდა ბელარუსში ნაციონალიზმის ფორმირებას, მიუხედავად საჯაროდ ანტიერის პოზიციებისა და ამგვარი წინააღმდეგობრივი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ გეოპოლიტიკური მიზნებით აიხსნება.

პუტინის განცხადებას რომ დავუბრუნდეთ, როგორც უკვე აღვნიშნე, მისი სამიზნე შესაძლოა, ბელარუსი ან ყაზახეთი ყოფილიყო. ამის საფუძველს კი უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა დღეს რუსეთის მოკავშირეა და ასევე კრემლის პოლიტიკური კავშირის - ევრაზიის ეკონომიკური კავშირის - წევრია, კრემლი მაინც მუქარის ენით განაგრძობს მათთან საუბარს და არასოდეს განიხილავს თანასწორუფლებიან პარტნიორ ქვეყნებად. ყაზახეთთან დაკავშირებით მათი მიზანია, არ დაკარგონ გავლენები ყაზახურ გაზზე, რომლის დიდ ნაწილსაც დღეს გაზპრომი ყიდულობს და რუსეთის გავლით აწვდის ევროპას. წლებია, ყაზახები ცდილობენ, თავად მიჰყიდონ საკუთარი გაზი ევროპას, ხოლო გაზპრომს მილების ტრანსპორტირების თანხა გადაუხადონ. რა თქმა უნდა, რუსეთი ამას არ თანხმდება, რადგან არ სურს, ერთი მხრივ ევროპას გაუჩინოს განცდა, რომ რუსული გაზის ალტერნატივა არსებობს, მეორე მხრივ კი, არ სურს ყაზახები გაზის ბიზნესში თანაბარ პირობებში ამყოფოს.

რაც შეეხება ბელარუსს, კრემლს აქ გაცილებით "დიდი გეოპოლიტიკური გეგმები" აქვს . როგორც ვიცით, არსებობს 1996-1999 წლების რუსეთ-ბელარუსს შორის გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულება, როლის საბოლოო მიზანიც საერთო სახლემწიფოს შექმნა უნდა ყოფილიყო. ამ ხელშეკრულების ეკონომიკური და სოციალური ნაწილი, რომელიც შეთანხმების დონეზე ბელარუსულ და რუსულ ბიზნესებს თანაბარ პირობებში ამყოფებს, დიდი ხანია, მოქმედებს. თუმცა ბოლო წლებში, რუსეთი ხელშეკრულების პირობებს არ ასრულებს, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიების მიმართ. საკმაოდ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, კრემლი შიშობს, რომ ბელარუსი და ლუკაშენკო საგარეო პოლიტიკურ კურსს დასავლეთისკენ შეიცვლიან. შესაბამისად, უკანასკნელ წლებში, რუსეთმა ბელარუსზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა გააძლიერა, იმისათვის, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ "საკავშირო ხელშეკრულების" პოლიტიკური ნაწილის რატიფიცირების პროცესი დაიწყოს, რის შედეგადაც ბელარუსისა და რუსეთის სახელმწიფოები გაერთიანდებიან. ლუკაშენკოს განცხადებით, ის სუვერენიტეტის დათმობას არ აპირებს იმ პირობებში, რომელშიც რუსეთი ბელარუსს არათანასწორუფლებიან პარტნიორად აქცევს. 

საბოლოოდ ვფიქრობ, რომ პუტინის ეს განცხადება, შესაძლოა, ლუკაშენკოს "დაუმორჩილებლობის" წინააღმდეგ იყოს მიმართული, რითაც მიანიშნა, რომ ბელარუსშიც შესაძლებელია ყირიმის სცენარის განვითარება.

მთელი გადაცემის ნახვის შედეგ გადაცემის საბოლოო სამიზნესაც მივაგენი - მომავალ რეფერენდუმს რუსეთში, რომელიც პუტინს შესაძლებლობას მისცემს, ისევ ლეგალურად მართოს რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ავტორიტარული ქყვენაა, ხალხის იქაც ეშინიათ და, პუტინის რეიტინგის ისტორიული მინიმუმის გათვალისწინებით, კონსტიტუციის რადიკალურად ამოყირავება მარტივად "გასაჩარხი" საქმე არ არის. სწორედ ამიტომ, სიუჟეტის მთავარი პროპაგანდისტული ნაწილი ისევ და ისევ პუტინის მიერ 90-იანი წლების ქაოსიდან რუსეთის დახსნაზე იყო აგებული. სიუჟეტის მთავარი ადრესატი იყო რუსი ხალხი, რომელსაც ამ გადაცემამ უნდა გაუღვივოს შიში, რომ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, რუსეთს საფრთხე ემუქრება არა შიგნიდან, არამედ გარედან. სანამ პუტინი იმ ფრაზას იტყოდა, რომელიც ამ სტატიის დაწერის მიზეზი გახდა, მან თქვა შემდეგი რამ: "მე არ მგონია, რომ ჩვენ მიერ შექმნილ შიდა სახელმწიფო მოწყობას საფრთხე ემუქრება, მაგრამ ახლა შემცვლელის ძებნის დრო არ არის, საქმის კეთების დროა, რადგან საქმე ჩვენს სუვერენიტეტს ეხება". ანუ მე ვარ რუსეთის სუვერენიტეტის გარანტიო.

ამგვარად ვიღებთ სურათს, როცა ერთი ადამიანი შეიძლება სუვერენიტეტის გარანტი იყოს რუსეთში, ბელარუსსა და ყაზახეთში. მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შეიძლება, რომ ერთი ადამიანი უვადოდ და უცვლელად, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, ნაციის ლიდერად და უსაფრთხოების დედაბოძად წარმოვსახოთ. ეს შეუძლებელია ბრიტანეთში, აშშ-ში, გერმანიაში. იქ ყოველთვის ეძებენ შემცვლელებს. როცა ვინმე გეუბნებათ, რომ შემცვლელის ძებნის დრო არ არის, რომ ქაოსი, დევნა და შევიწროება დაბრუნდება, ქვეყანა დაინგრევა და მთავარი მიღწევა - სტაბილურობა და მშვიდობა დაიკარგება, ესე იგი გატყუებთ.

რა შუაშია ამასთან საქართველო? იხილეთ წულუკიანის ერთ-ერთი ბოლო განცხადება.

PS: გარდა იმისა, რომ ამ სიუჟეტის ანალიზით ასევე კარგად ჩანს, თუ როგორი სტილის მთავრობა ჰყავს დღეს საქართველოს, პუტინის ამ განცხადების გეოპოლიტიკური მიზნები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პერსპექტივიდანაც. საქართველოს დემოკრატიული განვითარება მხოლოდ ჩვენს შიდა პოლიტიკაზე კი არ არის  დამოკიდებული, არამედ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზეც. რეგიონში აქ მხოლოდ სამხრეთ კავკასიას კი არა, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპას ვგულისხმობ. საქართველოსთვის, როგორც ამ რეგიონის ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანესია რეგიონის სტაბილურობა, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეკავებითა და ამ რეგიონის ქვეყნების დემოკრატიული განვითარებით უნდა იქნეს მიღწეული. სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული საგარეო პოლიტიკა საერთოდ არ არის მიმართული ამ მიზნისკენ და არც ამ პროცესებშია ჩართული. საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანი არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარებისკენ უნდა იყოს მიმართული, არამედ უნდა ცდილობდეს რეგიონის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გამყარებას, რაც არა მხოლოდ ამ ქვეყნების განვითარებაზე აისახება პოზიტიურად, არამედ შეამცირებს რუსულ გავლენას რეგიონში, რაც თავისთავად საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს ზრდის.

კარგად არის ცნობილი, რომ რუსეთის მთავარი საგარეო პოლიტიკური იარაღი ევროპის წინააღმდეგ ბუნებრივი აირია. შესაბამისად, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზანი, სწორედ ევროპისთვის ალტერნატიული გზების შეთავაზება უნდა იყოს. რადგან ჩვენ არა ვართ ამ რესურსით მდიდარი ქვეყანა, ჩვენ უნდა შევძლოთ და გავხდეთ სატრანზიტო ქვეყანა აზერბაიჯანული, ყაზახური და თურქმენული გაზისთვის. სამწუხაროდ, ამ შესაძლებლობის განხორციელების მთავარი პროექტი - "ნაბუქოს" მილსადენი - რუსეთის ძალისხმევით წარსულს ჩაბარდა. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები მილსადენის ისეთი ალტერნატივის შესაძლებლობას იძლევა, როგორიცაა გათხევადებული ბუნებრივი აირი (LNG). ბუნებრივი აირის ამ ფორმით გადასაზიდად გამოიყენება ტანკერები, რომლებსაც სჭირდებათ შესაბამისი საპორტო ტერმინალები. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მომავალში მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ საქართველოში LNG ტერმინალი გახსნილიყო. მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტითა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო და მდგრადი საგარეო პოლიტიკით საქართველო შეძლებდა ევროპისთვის შეეთავაზებინა რუსული გაზისა და გაზპრომის ალტერნატიული გზები, რაც, ერთი მხრივ, შეასუსტებდა რუსულ გავლენას და ზეწოლას ცენტრალურ აზიაზე და, ამავდროულად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა, როგორც ამ ქვეყნების, ასევე საქართველოს უსაფრთხოების საქმეში.

კომენტარები