სახალხო დამცველის ანგარიში 2019

ომბუდსმენი: კითხვებს ბადებს TV-ების მფლობელებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები

სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში მედიის მდგომარეობაზეც არის ლაპარაკი.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გასულ წელსაც გამოწვევად დარჩა გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი და პლურალური მედიაგარემოს არსებობა. საქართველოს შრომის კოდექსის, საერთაშორისო სტანდარტებისა და აჭარის ტელევიზიის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევით გაათავისუფლეს ტელეკომპანიის ჟურნალისტები ან სხვა პოზიციებზე გადაიყვანეს.

"კრიტიკული მედიის დევნის მცდელობის შესახებ კითხვებს ბადებს ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების სიმრავლე. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებში გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმეების ნაწილზე არსებობდა კითხვები წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით (ხაზარაძე, ჯაფარიძე) ან წარდგენილი ბრალდება საერთოდ არ მიეკუთვნებოდა სისხლისსამართლებრივ სფეროს (გვარამია)", - წერს სახალხო დამცველი.

კერძოდ, ომბუდსმენი მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი და/ან თვალთმაქცური გარიგებით დამალვის ფაქტზე. ნიკა გვარამიას ბრალი მაშინ წარუდგინეს, როცა ის უკვე იყო მთავარი არხის დირექტორი.

საქმის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას გულისხმობს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საკმარის მკაფიო ნიშნებს არ შეიცავდა და 2019 წლის 4 ნოემბერს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საქმის განმხილველ სასამართლოს მიმართა.

იმავე საქმის ფარგლებში, 2019 წლის 2-3 ოქტომბერს პროკურატურამ ახლად დაფუძნებული დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, ფორმულას გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე და ამავე არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი გამოკითხა. გამოკითხულებმა პროკურატურაში დაბარება ფორმულას მაუწყებლობის დაწყებას დაუკავშირეს.

სახალხო დამცველი საყურადღებოდ მიიჩნევს 2019 წლის 18 ნოემბერს მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას დაკავებას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გიორგი რურუა საკუთარ პოლიტიკურ პოზიციონირებას უკავშირებს. სახალხო დამცველი ამ საქმეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის.

გარდა ამისა, 2019 წლის 22 აგვისტოს ბრალი წარედგინა კიდევ ერთი დამოუკიდებელი არხის, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას. ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს საგამოძიებო უწყება თიბისი ბანკის ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. ამ საქმეზე სასამართლოში გამოიკითხა ვატო წერეთელიც, რომელმაც მიმდინარე პროცესები ტელეკომპანიას დაუკავშირა.

ამ ფაქტს წინ უსწრებდა პროკურატურის მიერ თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ მტკიცებულებად წარდგენილი დოკუმენტის გასაჯაროება, რომლის ავტორიც მისგან ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას მოითხოვდა.

ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობის თაობაზე ინფორმაცია წარსულშიც გავრცელდა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მისმა აპარატმა შეისწავლა უშუალოდ თიბისი ბანკის ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდების საქმე და დაასკვნა, რომ საქმის მასალებში არ იკვეთება იმ ელემენტების არსებობა, რომლებიც აუცილებელია ქმედების ფულის გათეთრების დანაშაულად მისაჩნევად. შედეგად, სახალხო დამცველმა 2020 წლის 9 იანვარს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა საქმის განმხილველ სასამართლოს.

სახალხო დამცველი ამ საქმეებზე დაკვირვებას აგრძელებს, ასევე, ლაპარაკობს ეფექტიანი გამოძიებისა და მისი მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების სრულფასოვანი და მუდმივი ინფორმირების აუცილებლობაზე.

რაც შეეხება მედიასთან დაკავშრებულ სხვა საკითხებს:

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე და ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მისი საქართველოდან გაუჩინარების საქმე ჯერაც არ შეუსწავლია.

ომბუდსმენი ლაპარაკობს აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებზეც.

კერძოდ, მიუთითებს, რომ 2019 წლის 19 აპრილს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მაშინდელ დირექტორს, ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ამ ფაქტმა სამოქალაქო სექტორის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასება გამოიწვია, რადგან მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, არხი თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა.

2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობის დროს, მისმა ახლად არჩეულმა დირექტორმა არხს კრიტიკული ტონი დაუწუნა. მოგვიანებით, ტელევიზიის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ლაპარაკი იყო ახალი დირექტორის მხრიდან მათ მიკერძოებაში დადანაშაულების თაობაზე. გარდა ამისა, სახალხო დამცველთან გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებმა მიუთითეს გარკვეულ ფაქტებზე, რომელთა თანახმადაც, მიიჩნევდნენ, რომ საფრთხის ქვეშ დგებოდა კრიტიკული მაუწყებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა.

ომბუდსმენი მიუთითებს აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტებზეც და საგანგებოდ აღნიშნავს, რომ თავისუფალი მედია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა და იმედოვნებს, რომ ზემოხსენებული გარემოებები უარყოფითად არ აისახება აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე, ხოლო არხის ჟურნალისტებს კვლავ მიეცემათ გავლენებისგან თავისუფალი პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა.

"ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ აჭარის ტელევიზია საბიუჯეტო დაფინანსებით მოქმედი მაუწყებელია, რომლის შექმნის მიზანსაც გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. თავის მხრივ, მსგავსი ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, ტელევიზიას კანონმდებლობა უდგენს არაერთ ვალდებულებას, რომელთა ზედმიწევნით შესრულებას, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული მედიაგარემოს გათვალისწინებით, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება", - წერს ომბუდსმენი.

კომენტარები