კრიმინალი

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარაში "კანონიერი ქურდობის", ე. წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. მათ გარდა, ოთხი ადამიანი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ს., 1976 წელს დაბადებული ვ.წ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ა., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.დ., 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჩ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ქ., 1982 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პატიმრობაში მყოფ მ.მ.-ს კი ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

"ასევე, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულ, საზღვარგარეთ მყოფ ორ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს – 1977 წელს დაბადებულ ჯეირან კინწურაშვილს –მეტსახელად ხონსკის, 1963 წელს დაბადებულ თამაზ ქარცივაძეს – მეტსახელად კუსას და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრს – 1983 წელს დაბადებულ რ.პ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მათი ძებნილად გამოცხადების მიზნით ტარდება შესაბამისი პროცედურები". – აცხადებს შსს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბრალდებულების ნაწილი – "ქურდული სამყაროს“ წევრები ვალის დაბრუნების მიზნით წარმოქმნილ დავაში ჩაერთნენ.

შსს-ს ცნობით, ისინი დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე. წ. კანონიერ ქურდებს, ჯეირან კინწურაშვილს და თამაზ ქარცივაძეს, რომელთა მხარდაჭერით ბრალდებული ი.ა.-ს სახლში "ქურდული გარჩევა“ მოაწყეს და ერთერთ მოდავე მხარეს 8 800 ევროს გადახდა დააკისრეს.

ჯეირან კინწურაშვილსა და თამაზ ქარცივაძეს ბრალი ედებათ "კანონიერ ქურდობაში", რ.პ.-ს, ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, ლ.დ.-ს., ი.ა.-ს და მ.მ.-ს ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ვ.წ.-ს - „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან "კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში, ხოლო ა.ს.-ს – "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები