კობახიძე: გავრილოვი თავისი განცხადებებით ნაციონალურ მოძრაობას "სატოპკეებს უწევს"

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი თავისი ბოლოდროინდელი განცხადებებით ნაციონალურ მოძრაობას უწევს "სატოპკეებს". ამის შესახებ კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

ის სერგეი გავრილოვის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს, ამბობს, რომ 20 ივნისის გამო საქართველომ "რუსეთსა და პუტინს, რომელიც არაფერ შუაშია, ბოდიში უნდა მოუხადოს". 

კობახიძის აზრით, გავრილოვის მსგავსი განცხადებები ხელს აძლევს ოპოზიციას, რადგან "მათ აძლევს სპეკულირების საგანს". 

"რამდენიმე განცხადება გააკეთა შარშანდელი წლიდან მოყოლებული გავრილოვმა და ყოველი თავისი განცხადებით ის, ჟარგონზე რომ ვთქვათ, „სატოპკეებს უწევს" ნაციონალურ მოძრაობას და ძალიან ჰარმონიზებულნი არიან ისინი ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ხელს აძლევს ოპოზიციას, რადგან მათ აძლევს სპეკულირების საგანს. ძალიან კარგად იკვეთება, ვის ინტერესში რა შედის. ძალიან კარგად იკვეთება, 9 წლის მანძილზე ვინ აკეთებდა რუსულ საქმეს". – ამბობს კობახიძე. 

თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა სერგეი გავრილოვს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.

20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარება პარლამენტში იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოსა და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს და სხდომა ჩაიშალა. სხდომა სასტუმრო "რედისონში" გაგრძელდა. პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციაც. მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა სასტუმროს შენობა დატოვა, გარეთ შეკრებილმა მოქალაქეებმა მას წყლის ბოთლები დაუშინეს და აგინეს. 

ქართული ოცნების წევრებმა სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა. ფაქტს მიუღებელი უწოდეს მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმაც.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

კომენტარები