ენსელ ელგორტი

მსახიობი ენსელ ელგორტი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

Fox News

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში Twitter მომხმარებელმა, სახელად გები, პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2014 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. გების თქმით, მსახიობმა ენსელ ელგორტმა მასზე სექსუალურად იძალადა.

"ელგორტმა ჩემზე სექსუალურად იძალადა. 17 წლის ვხდებოდი და Snapchat-ში ელგორტს მივწერე, არ მეგონა რომ მიპასუხებდა, ის ხომ უკვე ვარსკვლავი იყო. მომწერა, შემდეგ შევხვდით. იქამდე სექსი არ მქონია, ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო, ძალიან მტკიოდა, შოკში ვიყავი, მხარდაჭერის ნაცვლად მან მითხრა "უნდა გაგაფუჭო", ამ ფრაზის შემდეგ საერთოდ გავითიშე, თითქოს იქ საერთოდ არ ვყოფილვარ. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ბოლოს ბანალური ფრაზა მომიგდო: "რომ გაიზრდები ძალიან ლამაზი გოგო იქნები". მე ხომ მხოლოდ 17 წლის ვიყავი."– წერს გები.

პოსტი სოციალური ქსელიდან მალევე გაქრა. გები ზუსტ თარიღს არ ასახელებს, მაგრამ ინციდენტი 2014 წელს მოხდა, იმ დროისთვის ელგორტი 20 წლის იყო. 

ბრალდებას მალევე თავად მსახიობიც გამოეხმაურა.

"ბოლო 24 საათში სოციალურ ქსელებში ჩემზე საშინელი ამბები იწერება. გების გრძნობებს ალბათ ვერ გავიგებ, მაგრამ მის მიერ აღწერილი მოვლენები სიმართლეს არ შეესაბამება. მე არავისზე მიძალადია. 2014 წელს, ნიუ-იორკში მე და გების ხანმოკლე, მაგრამ კანონიერი ურთიერთობა გვქონდა, სამწუხაროდ დაშორებისას ცუდად მოვიქეცი, არ ვპასუხობდი მის შეტყობინებებს, რაც ჩემი აზრით ძალზედ უხეში და სულელური საქციელია. შეიძლება ბოდიში დაგვიანებულია, მაგრამ მოულოდნელად გაქრობისთვის პასუხი უნდა ვაგო."

 

კომენტარები