გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა

ქარტია: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყავით ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა.

ქარტია გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობას და სუს-ის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება.

"აღნიშნული, სავარაუდოდ, უკავშირდება 2019 წლის 7 ივლისს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას. ამას თავად ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ჟურნალისტის ქმედება უარყოფითად შეაფასეს.

ქარტია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დროულად გაასაჯაროონ". – წერია განცხადებაში.

2019 წლის ივლისში მაშინდელი რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს.

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა.

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

კომენტარები