გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთა

კანდელაკი გაბუნიაზე: დგება დაცულობის საკითხი, როგორ შემოვიდა [დაქირავებული მკვლელი] აქ

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ ქართველი ტელეწამყვანის მკვლელობის შესაძლო შეკვეთის ინფორმაციას ეხმაურება. 

კანდელაკი ამბობს, რომ უნდა დადგეს საკითხი, რამდენად არის დაცული საზღვრები და როგორ გადმოვიდა რუსეთის მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე. 

"იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული და ის ადამიანი, ვინც დაკავებულია, არ იქნება განთავისუფლებული და გამოძიება დადებს სარწმუნო მთლიან ჯაჭვს ამ დანაშაულისა, რომელიც, საბედნიეროდ, აღიკვეთა. მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, დგება საზღვრების დაცულობის საკითხი, როგორ შემოაღწია ამ ადამიანმა საქართველოში". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

2019 წლის ივლისში მაშინდელი რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. 

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს". 

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

კომენტარები