კორონავირუსი საქართველოში

ოხანაშვილი ბესელიას: პირბადის ტარება ამ ეტაპზე არ მევალება, მის გარეშე საუბრით ეთიკას ვიცავ

მადლობა ქალბატონო ეკა, რომ ზრუნავთ ჩემზეც და თქვენზეც. პირბადის ტარება ამ ეტაპზე კანონით არ მევალება. კანონს ვიცავ და ძალიან კარგად ვიცნობ იმ რეგულაციებს, სწორედ ამიტომ ვდგავარ ისე, როგორც ვდგავარ, თუმცა, როგორც კი დავჯდები ჩემს ადგილზე, რა თქმა უნდა, გავიკეთებ პირბადეს და ამით მივცემ ყველას მაგალითს, რომ მე არ ვარ გამონაკლისი და არ ვსარგებლობ ბოროტად ამ შემთხვევაში.

ვიცავ რა ეთიკურობას, რომ გესაუბროთ პირბადის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემის ნიშნად ჩვენი საზოგადოების. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, გავითვალისწინო კიდევ რეკომენდაცია და პირბადითაც გესაუბროთ, ამის დისკომფორტი არ მაქვს

ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც პლენარულ სხდომაზე ჰკითხა - "ბატონო ანრი, ისეთი დრამატიზმით საუბრობდით პირბადების აუცილებლობასა და საჭიროებაზე და იმდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა მიანიჭეთ მას ამ COVID-19-ის დამარცხების პროცესში, მე მიკვირს ახლა პირბადე რომ არ გიკეთიათ და ისე არ საუბრობთ". პლენარულ სხდომაზე იურიდიული და ჯანდაცვის კომიტეტების მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ. დოკუმენტი დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისთვის ფიზიკური პირის 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. იურიდიული პირი კი, რომელიც ადამიანს შენობაში პირბადის გარეშე შეუშვებს, 500 ლარით დაჯარიმდება.

კომენტარები