დიდი შვიდეული

იაპონია გამოდის ინიციატივით დიდმა შვიდეულმა ჰონგ-კონგის საკითხზე განცხადება გააკეთოს

შინძო აბე
EURONEWS

იაპონია გამოდის ინიციატივით, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ჰონგ-კონგზე, სადაც ჩინეთი ახალ, ქალაქის ავტონომიის შემზღუდავ კანონებს იღებს, განცხადება გააკეთოს.

ამის შესახებ იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ განაცხადა. 

"ცხადია, ჩვენ ვაანალიზებთ, რომ დიდ შვიდეულს გლობალური საზოგადოებრივი აზრის წინ გაძღოლის მისია აქვს და იაპონიას განცხადების გამოცემაში ინიციატივის აღება სურს, რაც ჰონგ-კონგში 'ერთი ქვეყანა, ორ სისტემას' ეფუძნება," - აბემ პარლამენტარებს განუცხადა.

იაპონიამ 28 მაისს უკვე გამოსცა დამოუკიდებელი განცხადება, სადაც პეკინის ქმედებებზე სერიოზული შეშფოთება გამოხატა.

იაპონიის განცხადებამ ჩინეთი აღაშფოთა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ხუა ჩუნინგმა განაცხადა, რომ ჰონგ-კონგი "სრულიად ჩინეთის შიდა საქმეა":

"შესაბამისი ქვეყანა საერთაშორისო წესებს და საერთაშორისო ურთიერთობების საბაზისო პრინციპებს უნდა დაემორჩილოს," - აცხადებს კომუნისტური ჩინეთი.

აპრილში შინძო აბე და სი ძინფინგი შეხვედრას აპირებდნენ, თუმცა, ახალი კორონავირუსის გამო ეს გადაიდო.

კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. 

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

ჰონგ-კონგში დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ კანონპროეტების საბოლოოდ მიღება "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

აშშ-ში უკვე განაცხადეს, რომ ჰონგ-კონგი ავტონომია აღარ არის.

ჰონგ-კონგის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება დააანონსა.

ბრიტანეთმა და ტაივანმა ჰონგ-კონგელებს დახმარება უკვე აღუთქვეს.

ჰონგ-კონგზე ჩინეთის ქმედება ევროპის არაერთმა ქვეყანამ, ავსტრალიამ და კანადამაც გააკრიტიკეს.

კომენტარები