სასამართლო სისტემა

ჯანეზაშვილი ქადაგიძეს მოუწოდებს, საბჭოს სხდომებს დაესწროს და დაგროვილ კითხვებს უპასუხოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს საბჭოს სხდომებზე დასწრებისკენ მოუწოდებს.

ჯანეზაშვილის თქმით, ქადაგიძე სხდომებს არ დასწრებია მაშინ, როცა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა.

მისივე განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა ქადაგიძეს არცერთ მათგანზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ამ დრომდე სხდომებში მონაწილეობას არ იღებს. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს - უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ორ ვაკანსიაზე შერჩევის კონკურსი ტარდება. ვფიქრობ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სასამართლოს სისტემაში ყველაზე მეტად უნდა ეხებოდეს და აინტერესებდეს, როგორ მიდის ეს პროცესი", - თქვა ჯანეზაშვილმა

მისივე თქმით, ეს პროცესი ახლაც, ისევე როგორც წარსულში, ტრადიციულად, დარღვევებით მიმდინარეობს, მათ შორის - ვადებთან დაკავშირებით.

"აქ საუბარი არ არის ერთ და ორდღიან დარღვევებზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ნინო ქადაგიძეს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ეს თემა უნდა აინტერესებდეს. როდესაც მას ირჩევდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარის თანამდებობაზე, განაცხადა, რომ ხელს შეუწყობდა ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. თუ იგი არ ივლის სხდომებზე, არ დაესწრება და არ მიიღებს მონაწილეობას, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში, შესაბამისად, ანგარიშვალდებულ სისტემაზე ფიქრი მისი მხრიდან არის სრულიად ზედმეტი და უადგილო“, - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო: საკონსტიტუციო სასამართლოში 2 მოსამართლე დანიშნა, თუმცა, ქადაგიძეს არ უთქვამს, რატომ შეარჩია ხვიჩა კიკალიშვილის (დაინიშნა 2020 წლის 3 აპრილს) და ვასილ როინიშვილის (დაინიშნა 2020 წლის 29 მაისს) კანდიდატურები;

"ორივე ეს ადამიანი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ათი წლის ვადით. რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ეს ადამიანები, ამაზე ქადაგიძეს არ გაუცია სიღრმისეული პასუხი საზოგადოებისთვის. მოვუწოდებ, გამოვიდეს და მისი თავმჯდომარეობის პერიოდში დაგროვილ კითხვებს პასუხი გასცეს. ეს არის შედეგი იმ მანკიერი პრაქტიკისა, რომელსაც გვთავაზობს სისტემა. როდესაც, თანამდებობაზე ადამიანის არჩევა ხდება გარკვეული პოლიტიკური ნიშნებით ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ ან ჩინჩალაძის კლანის სასარგებლოდ“, - თქვა ჯანეზაშვილმა.

ქართული ოცნების უმრავლესობამ ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 17 მარტს აირჩია. 

ქადაგიძე ერთ-ერთია იმ 14 მოსამართლიდან, რომელიც პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს უვადოდ დანიშნა. დანიშვნას წინ შერჩევის პროცესი უძღოდა, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საბჭოს არამოსამართლე წევრები აპროტესტებდნენ. შერჩევის პროცესი საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო/ოდირმა მწვავედ გააკრიტიკა.

ქადაგიძე გიორგი მიქაუტაძის მიერ წარმოდგენილ იმ 10-კაციან სიაშიც იყო, რომელიც მან 2018 წლის დეკემბერში წარმოადგინა და რომელსაც პროტესტი მოჰყვა.
 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა 2018 წლის 2 აგვისტოდან ვაკანტური იყო - წინა თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე 3-წლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, სწორედ ამ დღეს გადადგა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს კანდიდატურა არ წარუდგინა. 2018 წლის 16 დეკემბრიდან კი, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო, ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა.

კომენტარები