კორონავირუსი რუსეთში

მოსკოვში აპრილში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი ორჯერ გაიზარდა

REUTERS

მოსკოვის მთავრობამ აპრილში რუსეთის დედაქალაქში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი გააორმაგა.

ამ დრომდე მათი სტატისტიკის მიხედვით ვირუსით 639 ადამიანი იყო დაღუპული. ახლა ეს რიცხვი 1 561-მდეა გაზრდილი.

მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტში თქვეს, რომ ახლა სტატისტიკაში აღირიცხა ყველაზე საკამათო შემთხვევებიც კი. 

მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლება გარდაცვლილთა რეალური რიცხვის დამალვაში დაადანაშაულეს, რუსეთის ჯანდაცვის დეპარტამენტში აღიარეს, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახებოდა, რადგან მათ სხვა დაავადებაც ჰქონდათ.

მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაღუპულთა რიცხვის გადახედვის მიზეზი პაციენტების გარდაცვალების შემდგომ ჩატარებული გამოკვლევები იყო. მათი თქმით, 169 შემთხვევა აღმოაჩინეს, როდესაც გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი აღმოჩნდა, თუმცა ტესტების პასუხი თავდაპირველად ნეგატიური იყო.

გარდა ამისა, განცხადების მიხედვით, აღირიცხა 756 შემთხვევა, როდესაც პაციენტებს სხვა დაავადება ჰქონდათ და ვირუსმა "კატალიზატორის" როლი ითამაშა.

მოსალოდნელია, რომ მაისში გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო მაღალი იქნება, რადგან სწორედ ამ თვეში დაფიქსირდა რუსეთში კორონავირუსით დაავადების პიკი, ეპიცენტრი კი დედაქალაქი მოსკოვი იყო.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი სულ 370 680 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 3 968, გამოჯანმრთელდა 142 208 ადამიანი.

კომენტარები