კვიპროსი

კვიპროსი ტურისტებს Covid-19-ით დაავადების შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურებას ჰპირდება

GETTY IMAGES

კვიპროსი ქვეყანაში დასასვენებლად ჩასულ ტურისტებს ჰპირდება, რომ ხარჯებს სრულად აუნაზღაურებს, თუ მოგზაურობის დროს ახალი კორონავირუსით დაავადდებიან.

მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პაციენტებს და მათ ოჯახებს აუნაზღაურებენ ბინის, წამლებისა და საკვების ხარჯებს.

"ტურისტებს მხოლოდ ფრენის ხარჯების დაფარვა მოუწევთ", - ნათქვამია განცხადებაში.

ინციატივის მიზანი კუნძულზე ტურიზმის ხელშეწყობაა. ტურიზმი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 15%-ს შეადგენს.

"ზარალი დიდია და ვცდილობთ, რაც შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სეზონის დარჩენილ პერიოდში ტურიზმი განახლდეს. ვირუსის კონტროლისათვის ბევრს ვმუშაობთ", - თქვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ.

ქვეყანაში უკვე არის საავადმყოფოები, რომლებიც მხოლოდ იმ ტურისტებს მოემსახურება, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდებათ. ასევე არის კარანტინისათვის განკუთვნილი სასტუმროები, სადაც პაციენტების ოჯახების წევრებს მოათავსებენ.

კვიპროსი აეროპორტების გახსნას რამდენიმე, დაბალი რისკის მქონე ქვეყნიდან მომავალი ფრენებისათვის 9 ივნისს გეგმავს. მათ შორის იქნება გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი და მალტა. ყოველკვირეული შეფასების შემდეგ სია განახლდება და ის ქვეყნები დაემატება, სადაც ვირუსის გავრცელება დაბალია.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების სულ 939 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, გამოჯანმრთლდა - 594.

კომენტარები