ისრაელის მიერ სირიაზე საჰაერო თავდასხმისას, რასაც სირიის ანტისარაკეტო სისტემისაგან საპასუხო სროლა მოჰყვა, კვიპროსზე რაკეტა ჩამოვარდა.
რაკეტა ნიქოზიიდან 20 კილომეტრში, მთასთან აფეთქდა. ოფიციალური პირების თქმით რაკეტა დაცემამდე, ჰაერში აფეთქდა, რასაც ის ფაქტი, მოწმობს, რომ მთაზე კრატერები არ გაჩენილა, თუმცა აფეთქებამ მთის საფარი დაწვა.
მათივე ინფორმაციით ეს რუსული S-200 ტიპისა რაკეტაა და სავარაუდოდ ის სირიის ანტისარაკეტო სისტემამ გაისროლა, თუმცა მას შემდეგ, რაც მიზანს აცდა, კვიპროსზე ჩამოვარდა. შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით ისრაელის მიერ დამასკოს მიმართულებით გასროლილ რაკეტებს 4 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია 21 ადამიანი. SANA-ს მიხედვით ლიბანის საჰაერო სივრციდან გასროლილი რაკეტები დამასკოს გარეუბანში და ჰომსის პროვინციაში ჩამოვარდა.
სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დამასკოში ფრანს-პრესის კორესპონდენტიც.
ბრიტანული ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის თქმით რაკეტების სამიზნეს დამასკოსთან ახლოს ირანული პოზიციები, კვლევითი ცენტრი და ჰომსის დასავლეთით მდებარე სამხედრო აეროპორტი წარმოადგენდა, სადაც ჰეზბოლას ძალებია განთავსებული.
ამ პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა ისრაელმა 12 ივნისსაც განახორციელა.
ისრაელი ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.