საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

ზალკალიანი: რუსეთთან ვალდებულებები არ გვაქვს, მაგრამ მზად ვართ დავპატიჟოთ ლუგარის ცენტრში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "არანაირი ვალდებულება რუსი სპეციალისტების ორმხრივად მოწვევის შესახებ ჩვენ არ გვაქვს". 

ზალკალიანის თქმით, მზად არიან, რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში მიღება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს. მისი შეფასებით, რუსეთი იმ მიმართულებაზე შეეცადა თავდასხმას, სადაც საქართველო ძლიერია.

"26 მაისს, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა, ჩვენ მივიღეთ ის ცილისმწამებლური და პარადოქსული განცხადებები, რომელიც წამოვიდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. არაერთხელ განგვიცხადებია და არ დავიღლებით ამის საჯაროდ თქმით, რომ ლუგარის ცენტრი არის ის მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელმაც ფასდაუდებელი როლი შეასრულა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

ფასდაუდებელია ის საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს და რომელსაც მომავალში განახორციელებს. ის არის არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილი, არამედ ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი. საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს ეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი იურიდიული ვალდებულება არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, კიდევ ერთხელ მზად ვართ, რომ ისინი დავპატიჟოთ და კიდევ ერთი ახალი წვრთნა ჩავატაროთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ორმხრივად კი ეს არ განხორციელდება. ამ კონვენციის ფარგლებში არანაირი ვალდებულება მათი ორმხრივად მოწვევის შესახებ ჩვენ არ გვაქვს,“ - თქვა ზალკალიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერენ, რომ რუსეთის ფედერაცია თბილისში მდებარე ლუგარის კვლევით ცენტრში რუსი ექსპერტების დაშვებაზე საქართველოს პასუხს ელოდება. 

კომენტარები