ისრაელი

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი დღეს, 24 მაისს დაიწყება

ბენიამინ ნეთანიაჰუ
EPA

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი დღეს, 24 მაისს დაიწყება. სასამართლო პროცესი იერუსალიმის სასამართლოში გაიმართება და მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ მის გახსნას დაესწრება. პროცესი გასულ თვეს იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.

ქრთამის ნაწილში ნეთანიაჰუს დახმარების გაწევის სანაცვლოდ ბიზნესმენებისაგან საჩუქრების - ძირითადად სიგარების და შამპანურის მიღებაში ადანაშაულებენ. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და თაღლითობის ნაწილში ნეთანიაჰუს ბრალი ედება გაზეთ Yediot Ahronot-ისთვის ხელის შეწყობის შეთავაზებაში მათგან პოზიტიურად გაშუქების სანაცვლოდ. ასევე, თაღლითობის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნაწილში, მას ბრალად ედება პრემიერმინისტრის და კომუნიკაციების მინისტრის პოსტზე ყოფნისას ბიზნესმენ შაულ ელოვიჩის კომპანიების სასარგებლო რეგულაციების მიღებაში, ელოვიჩის ახალი ამბების სააგენტოსაგან პოზიციტურად გაშუქების სანაცვლოდ.

სასამართლო პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვეს ან წელს გაგრძელდეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა, პოსტი დატოვოს. მიუხედავად ოპონენტების მოწოდებისა, დაეტოვებინა პოსტი, ნეთანიაჰუმ მთავარ ოპონენტთან, ბენი განცთან ხელისუფლების გადანაწილებაზე შეთანხმებას მიაღწია და პრემიერმინისტრის პოსტზე კიდევ 18 თვის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი მას განცი შეცვლის, ხოლო თავად ალტერნატიული პრემიერმინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.

ნეთანიაჰუს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამნაშევედ ცნეს, ნეთანიაჰუ ვალდებული არ იქნება, პოსტი დატოვოს, სანამ განაჩენს ყველა ინსტანციაში არ გაასაჩივრებს, რასაც შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს.

ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი მოქმედი პრემიერმინისტრია, რომელიც სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სახით წარსდგება. ყოფილი პრემიერმინისტრი ეჰდუდ ოლმერტი მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით 2008 წელს დაწყებული გამოძიების შემდეგ პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგა, თუმცა პრემიერმინისტრის პოსტზე ფორმალურად 2009 წლის არჩევნებამდე რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სასამართლო პროცესი 2009 წელს დაიწყო, ბრალის დამტკიცების შემდეგ სასჯელის მოხდა ოლმერტმა მხოლოდ 2016 წლიდან დაიწყო.

კომენტარები