გერმანია და საფრანგეთი ევროპის ეკონომიკის აღსადგენად €500 მილიარდიან ფონდს შექმნიან

ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი
AFP

საფრანგეთი და გერმანია 500 მილიონი ევროს მოცულობის ახალი ფონდის შექმნის იდეით გამოვიდნენ, რომელიც ევროპის ეკონომიკის აღსადგენად დაიხარჯება. ფონდის სახსრები კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ფინანსურ დახმარებას და სტიმულირებას მოხმარდება. 

გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჯანდაცვის საერთაშორისო ასამბლეის ვიდეო კონფერენციაზე გააჟღერეს. ანგელა მერკელის თქმით, ფონდის შექმნის მთავარი მიზანია, მოიძებნოს გზა, რომლითაც ევროპა ერთიანად გამოვა მიმდინარე კრიზისიდან. 

მერკელის თქმით, ევროკომისიამ უნდა გააანალიზოს და წარმოადგინოს ეკონომიკის კონკრეტული სექტორები, რომელთაც ფინანსური დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. გერმანიის კანცლერის თქმით, ჯამურად ევროკავშირის სახელმწიფოები, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად, 3 ტრილიონ ევროს დახარჯავენ. 

კორონავირუსის პანდემიასთან ერთად ევროკავშირის ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა. წინა კვირას გამოქვეყნდა გერმანიის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები. დოკუმენტის მიხედვით, გერმანიის ეკონომიკა ოფიციალურად შევიდა რეცესიის ფაზაში. გასულ კვარტალში ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკა 2,3%-ით შემცირდა. 

ამავე პერიოდში, ევროზონის ეკონომიკა ჯამურად 3,8%-ით შემცირდა, რის შედეგადაც, 2013 წლის შემდეგ პირველად, სავალუტო კავშირში შემავალ სახელმწიფოებში გაიზარდა უმუშევრობა. ასეთ ფონზე, კიდევ უფრო პესიმისტურია მოლოდინები წლის მეორე კვარტლის მიმართ. დიდი ალბათობით, დანაკლისი გაიზრდება.

გერმანიის მთავრობამ უკვე წარმოადგინა 1,3 ტრილიონი დოლარის ღირებულების ანტი-კრიზისული გეგმა. მხოლოდ აპრილში გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა 370 ათასით გაიზარდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი აუნაზღაურდებათ, თუმცა უფრო მკვეთრად მცირდება სამუშაო საათების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

ფინანსთა მინისტრის ოლაფ შოლცის თქმით, მთავრობა უკვე მუშაობს სტიმულირების ახალ გეგმაზე, რომელიც ივნისში ჩაეშვება და თანამედროვე ეკო-მეგობრულ ტექნოლოგიებში ინვესტირებაზე იქნება ფოკუსირებული.

გერმანიაში შექმნილი არასახარბიელო ვითარების მიუხადავად, კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ევროკავშირის სხვა დიდ ეკონომიკებში. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის ეკონომიკა საშუალოდ 5%-ით შემცირდა. 1,7%-ით შემცირდა ნიდერლანდების მშპ. 

გერმანიასთან და მთლიან ევროზონასთან დაკავშირებით ეკონომიკური პროგნოზები ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანია და ვირუსის შემდგომი გავრცელების მასშტაბზეა დამოკიდებული. ევროკომისიის ვარაუდით, მიმდინარე წელს გერმანიის ეკონომიკა, შესაძლოა, 6,5%-ით შემცირდეს.

კომენტარები