კორონავირუსი ინდოეთში

ინდოეთში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 31 მაისამდე გახანგრძლივდა

Reuters

ინდოეთში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 31 მაისამდე გახანგრძლივდა. კვლავ დაკეტილი იქნება სავაჭრო ცენტრები, სკოლები და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილები, აკრძალული იქნება შეკრებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით აკრძალვები შემსუბუქდება ზოგიერთ რეგიონში, სადაც ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დაბალია.

პოლიციასა და მიგრანტებს შორის, რომლებიც საკუთარ რეგიონებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ დაპირისპირება მოხდა. მატარებლების სპეციალური რეისების გაუქმების შემდეგ გუჯარათის შტატში 1 500-ზე მეტმა მიგრანტმა ქუჩები გადაკეტა, დააზიანა მანქანები და პოლიციას ქვები ესროლა. დაშავდა რამდენიმე პოლიციელი.

კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინი ინდოეთში 25 მარტს შემოიღეს. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსახლეობის ნაწილი სამუშაოს გარეშე დარჩა და მილიონობით ადამიანი ქალაქებიდან სოფლისაკენ დაიძრა.

ინდური ანალიტიკური ცენტრის, CMIE-ს თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად მიღებულმა ზომებმა ინდოეთში 122 მილიონი ადამიანი დატოვა უსამსახუროდ. 3 მაისისთვის უმუშევრობის დონემ 27.1%-ს მიაღწია. ანალიტიკურ ცენტრში ვარაუდობენ, რომ მკაცრი ზომების გახანგრძილევების გამო 1.3 მილიარდიან ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდება.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 95 648 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო 24 საათში 5 000 ახალი შემთხვევა. დაიღუპა 3 025 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 36 794.

კომენტარები