8 მარტის შეთანხმება

ევროპარლამენტარი: დასანანია მთავრობის მცდელობა, პანდემია პირობის დარღვევისთვის გამოიყენოს

ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, დასანანია, რომ მთავრობა 8 მარტის შეთანხმების დარღვევისთვის პანდემიის ინსტრუმენტალიზებას ცდილობს.

ვიოლა ფონ კრამონი 8 მარტის შეთანხმებაზე "ქართული ოცნების" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

"ძალიან კარგია, რომ მთავრობა კორონავირუსის კრიზისს უმკლავდება, მაგრამ ზუსტად ასეთივე დასანანია ის, რომ მთავრობა პანდემიის ინსტრუმენტალიზებას ცდილობს იმისთვის, რომ მარტის შეთანხმების დარღვევა გაამართლოს. კიდევ ერთი შეუსრულებელი პირობა საბოლოოდ დაუმკვიდრებს ქართულ ოცნებას არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორის სახელს.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი.

დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია ქართული ოცნების მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად.

ბოლოს, ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე", - წერს ევროპარლამენტარი.

დღეს, ტაბულამ მოიპოვა 11 მაისით დათარიღებული წერილი, სადაც ქართული ოცნების დეპუტატი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, ევროპარლამენტარებს მიმართავს.

როგორც დავით სონღულაშვილი ევროპარლამენტარებს წერს, ქართული ოცნება სთხოვს უცხოელ ელჩებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ ყოფილა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე.

წერილის დასაწყისში ქართველი დეპუტატი ამბობს, რომ უკანასკნელ ხანებში საქართველოს მთავრობა პანდემიასთან დაკავშირებული საკითხებით იყო დაკავებული და წერს, რომ "მთელმა მსოფლიომ ერთხმად აღიარა ის წარმატება, რასაც საქართველომ ამ რთულ დროს მიაღწია."

---

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება ორნაწილიანია, მოიცავს რა საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხებს.

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისას კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და ამბობენ, რომ შეთანხმების საბოლოო ტექსტში არც ერთი გვარი არაა ნახსენები.

ამას მალევე მოჰყვა განცხადებები საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან - 7 მაისს ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილი მიწერა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. წერილში ის ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

11 მაისს წერილი გაავრცელეს შუამავლებმა. საელჩოების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების ნაწილი იმ საკითხებზეა, რაც სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. განცხადებას იზიარებდნენ სხვა დასავლელი პარტნიორებიც.

იმავე დღეს აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია".

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა დაწერა, რომ ელის "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით".

13 მაისს გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა დაწერა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან:

"[ქართული ოცნება] ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც. ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს".

კომენტარები