სააკაშვილი უკრაინაში

კახიძე: ვის დანიშნავენ, რომელ თანამდებობაზე და რა წესით, ჩვენი მეგობარი უკრაინის საქმეა

ტაბულა

"ვის დანიშნავენ, რომელ თანამდებობაზე, რა წესით და რა პროცედურით, ეს არის ჩვენი მეგობარი უკრაინის საქმე", - ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნას და ამბობს, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეა და არა აქაური პოლიტიკური პარტიების. 

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ფონზე, ქართული ოცნების წევრების "ისტერიკა" კიდევ უფრო სამარცხვინოდ წარმოჩინდა:

"ქართული ოცნების ხელისუფლება ისედაც არ გამოირჩეოდა უკრაინის მხარდაჭერით, პირიქით, საქართველოს მაშინდელი პრემიერმინისტრი მოუწოდებდა დასავლეთს, რომ არ მიეცათ თავდაცვითი იარაღი უკრაინისთვის. ვერც იმას აცნობიერებდნენ, რომ უკრაინა და საქართველო არიან არა მხოლოდ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები, არამედ ერთ პაკეტში არიან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მინდა, ჩვენს მეგობარ უკრაინას ვუსურვო წარმატება და წინსვლა როგორც რეფორმების გზაზე, ისე ევროატლანტიკური მიმართულებით", - ამბობს კახიძე.

რეფორმების საბჭოში დანიშვნამდე, 22 აპრილს, სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რეფორმების საკითხებში ვიცეპრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო. 

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს დააზიანებდა.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტმა, უმაღლეს რადაში მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილი რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს, საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

 

 

კომენტარები