კორონავირუსი

კუომო: ნიუ-იორკში ახალი ჰოსპიტალიზაციის უმეტესობა მოდის ადამიანებზე, რომლებიც სახლში იყვნენ

ენდრიუ კუომო
Forbes

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ, განაცხადა, რომ ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის გამო ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ნახევარზე მეტი მოდის ადამიანებზე, რომლებიც სახლში რჩებოდნენ და გარეთ დიდ დროს არ ატარებდნენ.

პირველადი მონაცემები ნიუ-იორკის 100 საავადმყოფოდან 1000 პაციენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაასაჯაროვეს. 

ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 66% იყვნენ ადამიანები, რომლებიც შინ რჩებოდნენ. ამის შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის მეორე ყველაზე ბევრი შემთხვევა (18%) მოხუცთა თავშესაფრებიდან მოდის, 1%-ზე ნაკლები შემთხვევაა ციხეებიდან და შემთხვევათა 2% უსახლკარო ადამიანებზე მოდის.

კუომოსთვის ეს მონაცემები შოკისმომგვერელი აღმოჩნდა.

"ეს სიურპრიზია, მეტწილად, ხალხი სახლში იყო... ჩვენ ვფიქრობდით, რომ იქნებ ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდნენ და ჩვენ განსაკუთრებული ზომები მივიღეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, თუმცა, რეალურად არა, ეს ხალხი სახლში იყო".

ჰოსპიტალიზებული შემთხვევების 84% იყვნენ ადამიანები, რომლებიც ავტომობილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ სარგებლობდნენ ან ფეხით არ დადიოდნენ. ამ ადამიანების უმეტესობა უმუშევარი ან პენსიაზე გასული იყო. ჯამში, ჰოსპიტალიზიებული შემთხვევების 73% 51 წელს გადაცილებული პირები იყვნენ. 

კუომომ განაცხადა, რომ ჰოსპიტალიზებული შემთხვევების უმეტესობა ქალაქ ნიუ-იორკის სამხრეთი ნაწილიდან ან ქალაქის შემოგარენიდან იყვნენ, არ მუშაობდნენ ან არ მგზავრობდნენ და აუცილებელ სექტორში დასაქმებულები არ იყვნენ. მისივე თქმით, ქალაქ ნიუ-იორკში შემთხვევების უმეტესობას უმცირესობათა ჯგუფები წარმოადგენდა - თითქმის ნახევარი აფრიკელი ამერიკელი ან ლათინოამერიკელი იყო.  

გუბერნატორის განცხადებით, ჯანმრთელობის ოფიციალური პირები ფიქრობდნენ, რომ უმეტესი შემთხვევა სამედიცინო პერსონალზე ან ყოველდღიურად მომუშავე ადამიანებზე მოვიდოდა.

"მეტწილად, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებ თავდაცვისთვის. ყველაფერი დაკეტილია, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო. ახლა ეს თქვენზეა დამოკიდებული," - განაცხადა კუომომ

მისი განცხადებით, შტატში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იკლებს თუმცა "მტკივნეულად ნელა".

23 აპრილს ენდრიუ კუომოს თქმით, ქალაქ ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსის ანტისხეულებზე ტესტირებულთა 21%-ს დადებითი პასუხები აღმოაჩნდათ.

7 მაისის ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 252 584 შემთხვევაა გამოვლენილი, 73 797 პაციენტი გარდაიცვალა, 205 205 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ქვეყნაში ვირუსის გამოსავლენად თითქმის 8 მილიონი ტესტი ჩატარდა.

კომენტარები