სამთავრობო პროპაგანდა

ჩუგოშვილი მდინარაძეზე: მართლა შოკში ვარ, ყანდიაშვილი მუშაობდა ქართულ ოცნებაში, ვხედავდი

თამარ ჩუგოშვილი

დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც ქართული ოცნება 2019 წლის ბოლოს დატოვა, ამბობს, რომ შოკშია მამუკა მდინარაძის განცხადების გამო, რომელმაც თქვა, რომ ქართულ ოცნებას კოკა ყანდიაშვილთან კავშირი 2014 წლის შემდეგ არ ჰქონია. 

"ძალიან გაკვირვებული ვარ. ამის გარდა ახლა ყველაფერს ველოდებოდი, ნამდვილად არ არ ველოდი ახლა ამას, რაზეც მამუკა [მდინარაძემ] ისაუბრა იმიტომ, რომ რა ვიცი, მუშაობდა ახლა იქ ადამიანი და ვხედავდი. წარმოუდგენელია, უბრალოდ. 

მართლა სიტყვებს ვერ ვპოულობ ახლა, როდესაც მუშაობს ადამიანი, ფაქტია, იქ არის და ახლა უკვე აღმოჩნდა, რომ მელანდებოდა ამ წლების განმავლობაში. ამას არ ველოდებოდი ნამდვილად. მართლა შოკში ვარ", - თქვა ჩუგოშვილმა ტვ პირველის ეთერში. 

დეპუტატის თქმით, ერთერთი სერიოზული საკითხი, რაზეც ყანდიაშვილი ქართულ ოცნებაში მუშაობდა, სოციალური ქსელების მონიტორინგს ეხებოდა და მის მიერ მომზადებული ანგარიშებით თვითონაც სარგებლობდა. 

"ეს ძალიან სასარგებლოა და ეს სჭირდება პოლიტიკურ პარტიებს, ეს არის სრულიად ლეგიტიმური საქმიანობა, რომელიც მნიშვნელოვანია", - ამბობს ჩუგოშვილი.  

ქართული ოცნების PR კონსულტანტთან, კოკა ყანდიაშვილთან, და მის მედია ეSპერსონასთან დაკავშირებული ასობით გვერდი Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო გასულ კვირას გააუქმა, გუშინ, 5 მაისს კი ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. სოციალურმა ქსელმა პლატფორმიდან წაშალა კოკა ყანდიაშვილის და მისი ყოფილი ცოლის, ნონა ყანდიაშვილის, პირადი ანგარიშებიც. 

როგორც Facebook გავრცელებულ განცხადებაში წერს, ეSპერსონას ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა. Facebook მაშინ წერდა, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით, ეს გვერდები სწორედ საქართველოს ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

არაავთენტური ქსელების გაუქმების შესახებ დღეს ქართული ოცნების ოფისში მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და ყანდიაშვილის ნაცვლად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ ქსელზე ისაუბრა, რომელიც Facebook-მა ასევე გააუქმა.  

მედიის მიერ ყანდიაშვილის შესახებ დამაზუსტებელი შეკითხვის დასმის შემდეგ კი, მდინარაძემ თქვა, რომ ყანდიაშვილს 2013-14 წლის შემდეგ ქართულ ოცნებასთან კავშირი აღარ აქვს და ის უბრალოდ მხარდამჭერია. 

კომენტარები