ჯანდაცვის სისტემა

ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში კლინიკებს 13 000-ზე ნაკლები ბენეფიციარით დაფინანსება უწყდება

ხვალიდან, 1-ლი მაისიდან, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13 000-ზე ნაკლებია.

ამის შესახებ მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილებაში წერია.

დოკუმენტის მიხედვით, დაფინანსების მიმღებია ბათუმსა და ქუთაისში ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა კლინიკა, რომელსაც, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 13,000 და მეტი ბენეფიციარი (ძირითადი კონტინგენტი).

გამონაკლისი დაიშვება:

  • ქალაქების მუნიციპალიტეტებში არსებულ დაბებსა და სოფლებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრებზე;
  • გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით;
  • უზრუნველყოფს პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს ადგილზე და/ან ახორციელებს ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებას/ჩაბარებას და სხვა სათანადო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას, ასევე პასუხების უკან დაბრუნებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით ეს ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას დააყენებს ფინანსური პრობლემების წინაშე და უმუშევარს დატოვებს იქ დასაქმებულ ექიმებისა და ექთნების ნაწილს.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება თავისი არსით ცნობილი 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა.

"520-ე დადგენილებამ დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორს მიაყენა, მთავრობის მიერ 2020 წლის 9 იანვარს მიღებული მე-15 დადგენილება კი დარტყმას პირველად ჯანდაცვას აყენებს", - აცხადებს ჭიაბერაშვილი და მთავრობის მიერ ამ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

ჭიაბერაშვილი მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს მე-15 დადგენილების მოქმედება და ამავე დროს, მკაფიო გეგმა წარმოადგინოს, როგორ ანაზღაურდება ექიმებისა და ექთნების შრომა ამ უპრეცედენტო კრიზისის პირობებში. მისი აზრით, ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულმა სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს.

ევროპული საქართველოს წევრი ამბობს, რომ COVID-19-თან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია და თუ მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდება ან ნაწილი სამსახურს დაკარგავს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ მათი პაციენტების მდგომარეობაზეც.

იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ბევრ სამედიცინო მომსახურებაზე მიმართვიანობა შემცირებულია და ეს ამ სპეციალობების სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე კატასტროფულად არ უნდა აისახოს.

კომენტარები