რუსეთი

პუტინის ნდობის მაჩვენებელი 14 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია - 28.3%

ვლადიმერ პუტინი
REUTERS

რუსეთში სახელმწიფო კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობა 14 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია - მას რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის 28.3% ენდობა.

გამოკითხვის შედეგები კვლევითმა ცენტრმა "VTsIOM" 27 აპრილს გამოაქვეყნა. გამოკითხულებს სთხოვეს, დაესახელებინათ პოლიტიკოსი, რომელსაც ენდობიან. 

გასულ თვეს, 29 მარტს, გამოქვეყნებული მსგავსი კვლევის შედეგებით, პუტინის ნდობის მაჩვენებელი 30.6% იყო. 2019 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 31.7%-ს შეადგენდა, გასული წლის იანვარში - 33.4%-ს, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 55.3%-ს. ყირიმის ანექსიის შემდეგ - 2015 წლის ივლისში - პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი 71% იყო.

უახლესი გამოკითხვით, ნდობის მაჩვენებლით, პუტინის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მოსდევს 13.3%-ით. შემდეგ მოდიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (12.1%); რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი (8%); პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი (7.9%); კომუნისტი პოლიტიკოსი გენადი ზიუგანოვი (4.4%) და უშიშროების საბჭოს ვიცე ხელმძღვანელი დმიტი მედვედევი (3%).

VTsIOM-ის ხელმძღვანელის ვალერი ფიოდოროვის თქმით, რესპონდენტები პუტინს უფრო მეტად იმ შემთხვევაში ასახელებენ, როდესაც პასუხის არჩევა პოლიტიკოსთა ჩამონათვალიდან უწევთ, ვიდრე მაშინ, როცა შეკითხვა ღიაა.

პუტინის რეიტინგის მკვეთრი დაცემა სოციო-ეკონომიკურ რეფორმებს უკავშირდება, მათ შორის, საპენსიო ასაკის გაზრდას. 2018 წლის მაისში, ეკონომიკის გაუარესებასა და საპენსიო ასაკის გაზრდის შემდეგ, პუტინის ნდობის მაჩვენებელი 47.4% გახდა.

ამას გარდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ახალ პრემიერად საგადასახადო სამსახურის უფროსი მიხეილ მიშუსტინი დანიშნეს, დუმის დეპუტატი ვალენტინა ტერეშეკოვა პუტინის მიერ უკვე განვლილი საპრეზიდენტო ვადების განულების ინიციატივით გამოვიდა. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ იდეა კონსტიტუციურად მიიჩნია. პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადების განულებას მოსახლეობის 48% ემხრობა, 47% წინააღმდეგია. ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი 22 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, რეფერენდუმის ჩატარება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა რუსეთში 31 იანვარს დადასტურდა. აპრილში ვირუსი უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 11 მაისამდე გაახანგრძლივეს. პუტინის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დახურულ კომპანიებს თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა დაავალეს. 29 აპრილის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ვირუსის 93 558 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 867 პაციენტი, 8 456 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კერძო კომპანიების მიერ ჩატარებული ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში ოფიციალურ მონაცემებზე უფრო მაღალია.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 21 აპრილს რუსეთში წარმოებული მთავარი საექსპორტო სახეობის, URALS-ის მარკის ნავთობის ფასი სავაჭრო დღის გახსნის შემდეგ 10 დოლარს ჩამოცდა, ევროპაში URALS-ის მარკის ნავთობის ფასმა 8,4 დოლარი შეადგინა. ასეთი იაფი რუსული ნავთობი ბოლოს 1998 წელს ღირდა. 

12 აპრილს OPEC და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ მაისსა და ივნისში მოპოვებას დღიურად 9,7 მილიონი ბარელით შეამცირებდნენ. წლის მეორე ნახევარში ლიმიტი 7,7-მდე შემცირდება. შეთანხმების მოქმედების ვადად კი 2022 წლის აპრილი განისაზღვრა. შეთანხმების შემდეგ, გაჩნდა მოსაზრება, რომ ახალი ლიმიტები არ იქნება საკმარისი ფასების საგრძნობი ზრდისთვის და, როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ბაზარზე განვითარებული მოვლენების მიზეზიც. 

22 აპრილს ევროპულ გაზის ჰაბებზე გამართული ვაჭრობის შედეგად, რუსეთის შიდა ბაზარზე ბუნებრივი აირის გაყიდვა უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე ექსპორტი. ფასის კლების მიზეზი კორონავირუსის პანდემიის ფონზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით შევსებული ტერმინალები და ამინდის დათბობაა. 

კომენტარები