თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, კომპანია "ზოომარტმა“ M2 კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვაზე განაცხადი თბილისის მერიაში დღეს, 16:09 საათზე შემოიტანა და თანხმობა 16:34 საათზე მიიღო. წილოსანი სიცრუეს უწოდებს ზოომარტის განცხადებას, რომ მერიამ მიკროავტობუსით თანამშრომლების გადაადგილების ნებართვის მიღების შესახებ კომპანიის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. მისი თქმით, კომპანიამ მერიას ორჯერ, 21-22 აპრილს მიმართა და იმავე დღეს მიიღო პასუხი, რომ წერილში მითითებული მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილებაზე მერია ნებართვას არ გასცემს.
"სამწუხაროდ, ზოომაღაზიების ერთ-ერთმა ქსელმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერიამ დააყოვნა, ან შეზღუდა მათი ქსელის თანამშრომლების გადაადგილება, რის გამოც მოუწევთ მაღაზიების დაკეტვა 26 აპრილიდან (თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეზღუდვა 27 აპრილამდე მოქმედებს). სინამდვილეში, შპს „ზოომარტის“ ელექტრონული ფოსტიდან მერიის შესაბამის მეილზე წერილი გადმოიგზავნა 21 აპრილს, 22:05 საათზე, რაც კანცელარიამ დაარეგისტრირა 10/01201121711-16 ნომრით. იმავე ღამით, 22:12 საათზე, წერილზე სსიპ - ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ უარით უპასუხა (16-012011333 წერილით), ვინაიდან, მოთხოვნა არ იყო ავტობუსით ან მიკროავტობუსით მგზავრის გადაყვანაზე.
ამის შემდეგ, კვლავ მივიღეთ წერილი 22 აპრილს, შვიდ სატრანსპორტო საშუალებაზე თანამშრომლების გადაყვანის უფლებასთან დაკავშირებით. სააგენტოს თანამშრომელმა სცადა, ელექტრონულ ფოსტაზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დაკავშირება, თუმცა სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხეს. ამ ზარით განმცხადებლისთვის უნდა განგვემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი შვიდი სატრანსპორტო საშუალებიდან, ერთი სატრანსპორტო საშუალება მითითებული სახელმწიფო ნომრით არ იძებნებოდა, ხოლო ხუთი სატრანსპორტო საშუალება სედანის ტიპის ავტომობილს წარმოადგენდა, რაზეც სააგენტოს უფლებამოსილება არ ჰქონდა, მოძრაობის ნებართვა გაეცა“, - ამბობს ვიქტორ წილოსანი.
ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის თქმით, "ხმაურიანი განცხადების შემდეგ", „ზოომარტმა“ M2 კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვაზე განაცხადი თბილისის მერიაში დღეს შემოიტანა და თანხმობაც რამდენიმე წუთში მიიღო.
კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მთავრობამ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება ჯერ 17 აპრილიდან 21 აპრილამდე აკრძალა, შემდეგ კი 27 აპრილამდე გააგრძელა. ამ პერიოდში მანქანით გადაადგილება, მხოლოდ სპეციალური საშვებითაა შესაძლებელი.
23 აპრილს კომპანია ზოომარტმა განცხადება გაავრცელა, რომ 26 აპრილიდან, კომპანიის ყველა ფილიალს კეტავენ. მათი თქმით, თანამშრომლების ტრანსპორტით გადაადგილებისთვის ნებართვა ვერ მოიპოვეს.
"მე-7 დღეა, ჩვენს კონსულტანტებს ყოველდღიურად უწევთ ფეხით 10 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა, რათა უზრუნველვყოთ ფილიალების ფუნქციონირება. ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან არ მიგვიღია ნებართვა რომ მოვახდინოთ მათი უსაფრთხო, კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირება ფილიალებამდე და სამუშაო დღის ბოლოს უკანა გზაზე, სახლებში", - წერს კომპანია.





