კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

99 წლის ბრიტანელმა ვეტერანმა, კაპიტანმა ტომ მურმა ჯანდაცვის სამსახურებისთვის £22 მლნ. მოაგროვა

99 წლის ბრიტანელმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ტომ მურმა, რომელიც 30 აპრილს 100 წლის გახდება, გადაწყვიტა იორკშირში საკუთარი სახლისთვის გარშემო 100-ჯერ შემოევლო და დონაციები მიეღო ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისისთვის. მას ათასი ფუნტის მოგროვება სურდა იმ მედიკოსებისათვის, ვინც მას კიბოს და მოტეხილი ფეხის მკურნალობაში დაეხმარნენ.

თუმცა, მალევე მისმა აქციამ ყურადღება მიიქცია და ორი კვირის განმავლობაში მან 22 მილიონ ფუნტზე მეტი შემოწირულობა მიიღო. მურის მოწოდებას მილიონზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა და თანხა გადარიცხა. მათ პეტიციაც შეადგინეს და მურის რაინდად კურთხევა ითხოვეს. პეტიციას უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

მის აქციას გამოეხმაურნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, ასევე პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და მურს გმირობისათვის მადლობა გადაუხადეს.

მურმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ვერც წარმოიდგენდა, თუ მისი აქცია ამ მასშტაბებს შეიძენდა.

მის მიერ შეგროვებული თანხა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებს გადაეცემა და როგორც პაციენტებს, ისე ექიმებსა და მოხალისეებს მოხმარდება.

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი სულ 114,217 ადამიანს დაუდასტურდა, დაღუპულთა რიცხვმა 15,464-ს მიაღწია.

კომენტარები