პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გახაგრძლივებაზე 22-23 აპრილს იმსჯელებს. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ პოსტვ-ის ეთერში თქვა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს, თუმცა, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტს მისი 10 მაისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართა.
ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის უპირობოდ გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ისინი ემხრობიან გონივრულ შეზღუდვებს, თუმცა, ამასთან აუცილებელია, ხელისუფლებამ წარმოადგინოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გასავალი - კონკრეტული ანტიკრიზისუი გეგმა.
საქართველოში მკაცრი საკარანტინო ნორმები მოქმედებს. ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი. ასევე, ცაკეტილია მარნეული, ბოლნისი, თერჯოლა და ქობულეთის რამდენიმე სოფელი. მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი - მოქალაქეებს 21:00 საათიდან გარეთ გასვლა ეკრძალებათ.
დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს რკინიგზა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და სასტუმროები, აგრარული ბაზრები. თუმცა, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ წირვა-ლოცვის ჩატარებას მართლმადიდებელ ეკლესიაში. უცვლელია ერთი კოვზით ზიარების წესიც. საპატრიარქოსთან ერთობლივი გადაწყვეტლებით, ხელისუფლებამ აღდგომის ღამეს მრევლს ლიტურგიაზე დასწრების ნებაც დართო.
პარალელურად კი ექიმები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთვას ვერ გაუძლებს. საქართველოს შეუძლია, ერთდროულად, მაქსიმუმ 2000 პაციენტს მოუაროს. კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა და აქამდე ცნობილ ყველა ვირუსზე გაცილებით სწრაფაად და მარტივად ვრცელდება. ის პანდემიად არის გამოცხადებული.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 525 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 136 ათასზე მეტი - დაიღუპა.
16 აპრილის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში Covid 19-თ ინფიცირების 336 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა - 74, გარდაიცვალა 3 ადამიანი.





