ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ხელისუფლება სრული კარანტინის გამოცხადების საკითხსაც განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მისი თქმით, თუკი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება, მოქალაქეებს მხოლოდ შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა.
როგორც ტიკარაძე ამბობს, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება იმ შემთხვევაში, თუ ორ კვირაში იქნება კრიტიკული ზღვარი და თუნდაც 2000 დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია.
"საყოველთაო კარანტინი გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა. ამასთან, ამ მესიჯში დეტალურად იქნება გაწერილი ის საჭიროება, გასვლის მიზანი და ტრაექტორია, რაც გასავლელი აქვთ. ჩვენ ვმუშაობთ აპლიკაციაზე და გარკვეულწილად, ამ აპლიკაციაშიც და დამატებით პროექტებში განიხილება ეს კომპონენტი, რადგან ამას არაერთი ქვეყანა საკმაოდ წარმატებულად იყენებს," - თქვა ტიკარაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
სრული კარანტინი საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოქმედებს, კერძოდ, მარნეულში, ბოლნისში და ლენტეხის მუნიციპალიტეტში. ქალაქების შესასვლელებში განთავსებულია ე.წ. გამშვები პუნქტები და მოსახლეობას ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში, ქალაქიდან გამოსვლა სრული კარანტინის დასრულებამდე არ შეუძლიათ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ეკლესიებში მიმდინარეობს წირვა-ლოცვები და მრევლს ერთი კოვზიდან აზიარებენ. ხელისუფლება საპატრიარქოს დათანხმდა, რომ აღდგომის ღამის ლიტურგიას მოქალაქეებიც დაესწრონ. კომენდანტის საათის გამო, აღდგომის ღამეს მრევლი ტაძრებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩეს.





