კორონავირუსი და ეკლესია

ტიკარაძე: ეკლესიაში დისტანციას დაიცავენ, ხშირად ღვთისმოშიშობა კანონმორჩილებაზე ძლიერია

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პალიტრანიუსის ეთერში ამბობს, რომ ეკლესიამ სოციალური დისტანციის დაცვის პასუხისმგებლობა აიღო და, მისივე თქმით, "ისინი ამას აუცილებლად დაიცავენ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ღვთისმოშიშობა გაცილებით უფრო მძაფრია და ძლიერი, ვიდრე კანონმორჩილება."

"დარწმუნებული ვარ, როდესაც ეკლესიამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნება სოციალური დისტანცია, რომელიც არის სავალდებულო, ისინი ამას აუცილებლად დაიცავენ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ღვთისმოშიშობა გაცილებით უფრო მძაფრია და ძლიერი, ვიდრე კანონმორჩილება. საქართველოს მაგალითზეც ეს ხშირად აისახება ხოლმე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესია გააკეთებს იმას, რომ უზრუნველყოს საკუთარი მრევლის უსაფრთხოება, როგორც სულიერი საზრდოს მიწოდება, ასევე მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაც", - ამბობს ტიკარაძე. 

მინისტრის თქმით, ეკლესიამ გაიაზრა ის რისკები, რაც იტალიაში იყო და ქვეყნის მაგალითს იტალიისას ვერ შევადარებთ. 

"ეკლესიიის შემთხვევაში, გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობის მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან ეს მაგალითი ეკლესიამ გვაჩვენა. საქართველომ, ეკლესიამ კარგად გაიაზრა ყველა ის რისკი, რომელიც იტალიაში იყო. იტალიის შემთხვევაში, მხოლოდ იტალიის მოქალაქეების ხარვეზი არ იყო,მწირი ინფორმაცია იყო და მობილიზაციაც გაცილებით გვიან დაიწყო. საქართველოს მაგალითს იტალიისას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევადარებთ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.  

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ეკლესიებში წირვა-ლოცვას ჩვეულ რეჟიმში აღავლენენ. ზიარების წესიც უცვლელია - მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

15 აპრილს, მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ აღდგომის დღესასწაულს დიდ ტაძრებში მრევლიც დაესწრება. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა კვლავ ძალაშია. გადაწყვეტილების მიხედვით, დროის ამ შუალედში მრევლი ეკლესიაში დარჩება.

კომენტარები