კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: გვყავს ორი ძალიან მძიმე, პრობლემური პაციენტი, შვიდს მძიმე პნევმონია აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, 7 პაციენტს კი მძიმე პნევმონია აქვს.

"ორ ძალიან მძიმე პაციენტთან, მესამე დღეა, სტაბილური სიტუაციაა და, ალბათ, ისინი ძალიან მძიმე სტატუსიდან გადმოვლენ მძიმე პაციენტების სიაში. ალბათ, მათი მდგომარეობაც დინამიკაში გაუმჯობესდება", - თქვა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, 336 ადამიანიდან, რომელთაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდათ, 86 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. მათგან 48 გამოჯანმრთელდა, ეზუგბაიას თქმით, 37 მკურნალობას განაგრძობს.

რაც შეეხება 30 ახალ პაციენტს, ეზუგბაიას ინფორმაციით, მიმდინარეობს მათი წყაროების მოძიება და ეპიდკონტროლი. 

"ჩემთვის ეს პაციენტები ცნობილი არ არის. წყარო ყველგან დადგენილი არ არის. თუ ეს 30 შემთხვევა სცილდება ამ ძველ კლასტერებს და არის ახალი კლასტერები, იმედია, რომ ამ ახალ კლასტერებსაც შემოვღობავთ, არ მივცემთ საშუალებას გავრცელდეს და გავრცელებამ მიიღოს დაუძლეველი ხასიათი. 30 არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს 30, თუ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, რომ ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით ქვეყანაში რყევები არ გვექნება", - თქვა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სტაბილურია, მათ შორის ერთი 9 თვის ბავშვია. 

"ამ ბავშვებთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. შემოსვლიდან დღემდე მათი მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვები ხალიასიანები არიან, აქტიურობენ, იკვებებიან კარგად. პერიოდულად მათ უმნიშვნელო სუფებრილიტეტი აქვთ. ზოგადად, მათი მდგომარეობა მსუბუქია", - თქვა მან.

ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ, 15 აპრილს, COVID-19-ზე ტესტირება 21 პაციენტს ჩაუტარეს.

"2 შემთხვევა იყო გამოჯანმრთელებული. არის რამდენიმე პაციენტი, რომელსაც პირველ ჯერზე აქვს უარყოფითი პასუხი და დღეს, ალბათ, განმეორებით ჩატარდება 24-საათიანი ინტერვალით ტესტირება", - თქვა ეზუგბაიამ.  

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა. 

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ.

კომენტარები