ენმ-ის წევრი, ნიკა მელია მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხალხმრავლობას გამოეხმაურა, რაც საგანგებო მდგომარეობის და მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში აკრძალულია, თუმცა ხელისუფლებას რეაგირება არ ჰქონია.
მელიამ ფეისბუქზე დაწერა:
"ასე აკურთხეს ბზა და ბზასთან ერთად ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა.
აჯარიმებენ ცოლ-ქმარს, რომელიც გვერდიგვერდ სხედან, აჯარიმებენ იმიტომ რომ არ ემორჩილებიან აკრძალვას.
როდესაც ადამიანს კანონის დარღვევისთვის სჯი, აჯარიმებ სრულიად სამართლიანად და შემდეგ, უარესი დარღვევისთვის არ აჯარიმებ ვიღაც სხვებს, ის სრულიად სამართლიანი სასჯელიც მომენტალურად უსამართლო ხდება.
რისთვის დავკეტეთ ბაზრები და რატომ დავტოვეთ ულუკმაპუროდ ამდენი ხალხი? რატომ გავაჩერეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი? იმიტომ რომ ხალხმრავლობა აგვეცილებინა თავიდან.
რატომ არ იღებს ხმას ხელისუფლება? ან ოპოზიცია (იშვიათი გამონაკლისების გარდა) რატომ არ ვიღებთ ხმას სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად?
ოპოზიციაში ვართ და ძალიან ბევრნი ხმის ამოღებას მაქსიმალურად ვერიდებით და ხელისუფლებაში რომ ვიყოთ, ალბათ კრინტსაც არ დავძრავდით.
რა ხდება, ამომრჩეველს ვეპრანჭებით? ძვირი დაგვიჯდება ეს პრანჭვა.
ვირუსი იფეთქებს და ჩვენც, ჩვენი დუმილით ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებელნი ვიქნებით.
ჩვენ, ჩვენი დუმილით თანამონაწილე ვართ ხელისუფლების მიერ ორმაგი სტანდარტის დამკვიდრების.
საზოგადოებისთვის ერთ გარკვეულ ნაწილთან ასე უშნოდ გაპრანჭვა, ძალიან ძვირი დაგვიჯდება საზოგადოების დანარჩენ ნაწილთანაც და თვითონ იმ ნაწილთანაც, რომელსაც ვეპრანჭებით, რადგან ამომრჩეველი გაიზარდა და კარგად ხვდება, სად მთავრდება გულწრფელობა და სად იწყება პოპულიზმი",- წერს მელია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობს და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება. დღეს, 12 აპრილს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. ტაძრებში ხალხმრავლობა იყო. მორწმუნეები კვლავ ერთი კოვზით აზიარეს. სამების ტაძარში წირვა პატრიარქმა ილია მეორემ აღასრულა, რომელიც ახალი კორონავირუსის რისკ-ჯგუფშია, ის 87 წლისაა, ამასთან, აქვს თანმდევი დაავადებები.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.
დღეს, 12 აპრილს სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის ღვთისმსახურებების განრიგი გააცნეს. საპატრიარქოს წარმომადგენლის ცნობით, აღდგომის წინა ღამე პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია.





