ვაჭრობის აკრძალვა

რატომ დაიხურა "სუფთა სახლი" და რა ბედი ელის კომპანიაში დასაქმებულ 1200 ადამიანს

მაღაზიათა ქსელის "სუფთა სახლის" დახურვით 1200 ადამიანის სამუშაო ადგილს შეექმნა საფრთხე. კომპანიაში ამბობენ, რომ მიზეზი გაუგებარია.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაიხურა, რამაც 1200 ადამიანის სამუშაო ადგილს საფრთხე შეუქმნა. კომპანიაში ამბობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას ემორჩილებიან, თუმცა, მიზეზი გაუგებარია.

ტაბულა კომპანიის მარკეტინგული განყოფილების ხელმძღვანელს, ანი ნადირაშვილს ესაუბრა. როგორც ნადირაშვილის ამბობს, გუშინ, 10 აპრილს კომპანიაში შემოსავლების სამსახური შევიდა და თქვა, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით, ფილიალები უნდა დახურონ, რადგან ვერ მოხვდნენ იმ ბიზნესობიექტების სიაში, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ. 

აღსანიშნავია, რომ "სუფთა სახლი" კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 31 მარტიდან გუშინდელ დღემდე, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ შემოსავლების სამსახური მათთან წინა დღეებშიც რამდენჯერმე მივიდა, ფილიალებში უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მიზნით. 

"მიზეზი არის ის, რომ დადგენილებაში ვერ მოვხვდით. ამას ვიღებთ, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებაა, თუმცა ვთლით, რომ გაუგებარია. თუ ჩვენი დახურვის საფუძველი იყო სოციალური აქტივობის შემცირება, ამით სოციალური აქტივობა არ შემცირდება, გადაივსება მარკეტები ხალხის ნაკადით, ჩვენ ყველა უბანში ვიყავით და ყველას ვთავაზობდით მომსახურებას ახლოს და სრული წესების დაცვით", - ამბობს ნადირაშვილი. 

კომპანიაში ამბობენ, რომ ყველა ფორმალური პროცედურა დაცული ჰქონდათ და რადგან არ იყვნენ მუშაობის უფლების მქონეთა სიაში, წესის მიხედვით, ხსენებული უფლების მისაღებად ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს.

"ზეპირსიტყვიერად გვქონდა ყველასგან დასტური, რომ 'სუფთა სახლი' იყო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, განსაკუთრებით ასეთ სიტუაციაში, ამიტომ ვაგრძელებდით მუშაობას. ხშირად იცვლებოდა დადგენილების შინაარსი, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ნელნელა დაემატებოდნენ ბიზნესოპერატორები, რომლებშიც ჩვენც ვიყავით მოაზრებული, რადგან ვიყავით ერთერთი სტრატეგიული ობიექტი", - ამბობენ კომპანიაში.

ტაბულამ სცადა, მთავრობის ადმინისტრაციაში გაერკვია, თუ რატომ დაიხურა კომპანიის ფილიალები მაინცდამაინც ახლა, და არა კარანტინის გამოცხადებისა და ახალი დადგენილების მიღებისთანავე. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო დადგენილი წესებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა. მთავრობაში არ აზუსტებენ, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა წესების დარღვევა. 

"ვიდრე ყველა ობიექტი, რომელსაც სურს ფუნქციონირების გაგრძელება, არ შეავსებს შესაბამის ფორმას და არ მიიღებს ეკონომიკის სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების შემოწმების შედეგად ფუნქციონირების აღდგენის ნებართვას, მათ ეკრძალებათ ფუნქციონირება. მოგეხსენებათ, შემოწმების პროცესი ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული თანამშრომელთა და მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელი ნორმების დაცვას", - უთხრეს ტაბულას მთავრობის კანცელარიაში. 

უსაფრთხოების წესების დარღვევას კომპანიაში კატეგორიულად გამორიცხავენ. "სუფთა სახლის" მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, რომ ფილიალებში არ დაიშვებოდა ორზე მეტი მომხმარებელი და უსაფრთხოების ყველა წესი დაცული იყო. ნადარეიშვილის  თქმით, ეს დახურვის მიზეზად მათთან არც შემოსავლების სამსახურს დაუსახელებია. კომპანიისვე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის შემდეგ, თანამშრომლების გადაადგილებას თავად უზრუნველყოფდნენ, ყველა წესის დაცვით.

"შემოსავლების სამსახურის დახურვის მიზეზად არ დაუსახელებია, რომ რომელიმე რეკომენდაცია, სტანდარტი ან მოთხოვნა ვერ დავიცავით, ეს არ ყოფილა მიზეზი. არც ჯარიმა, ან რაიმე შენიშვნა, რომ ჩვენთან რამე დარღვეული იყო უსაფრთხოების კუთხით, არ ყოფილა", - ამბობს ნადარეიშვილი.

კომპანიას ამ დროისათვის აკრძალული აქვს ონლაინ ვაჭრობაც. როგორც თავად ამბობენ, ამის ნებართვასაც ელოდებიან, რომელიც, მათივე თქით, წესით მალე უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთი კვირა პასუხი არ არის. კომპანია ონლაინ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც ვაჭრობდა. 

რაც შეეხება "სუფთა სახლში" მომუშავე ადამიანების ბედს, კომპანიაში ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. იმედი აქვთ, რომ მათი დახურვა გაუგებრობაა და მალე მიეცემათ მუშაობის გაგრძელების საშუალება. 

"ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა თუ კომპანიას არ ექნება შემოსავლები, 1200 ადამიანის ხელფასი და აღებული იჯარები მარტივი დასაფარი არ არის. რაც შეიძლებოდა, გაკეთებულიყო, ყველა იურიდიული მოქმედება, რაც ჩვენს ხელში იყო, გაკეთებული გვაქვს. ახლა ძალიან მორჩილი ბიზნესის სახით, ველოდებით, რომ ეს არის გაუგებრობა და ველოდებით, როდის გაგვიშვებენ", - ამბობს ნადირაშვილი.

კომპანია " სუფთა სახლს" მთელი ქვეყნის მასშტაბით 150 ფილიალი აქვს, სადაც, გარდა ყოველდღიური ჰიგიენისთვის საჭირო პროდუქტებისა, სადეზინფექციო საშუალებებიც იყიდება. კომპანიაში სულ 1200 ადამიანია დასაქმებული. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მთავრობამ 31 მარტს თითქმის საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. კარანტინის გამოცხადების შემდეგ იმ კომპანიების სია დაადგინეს, რომლებსაც საქმიანობის გაგრძელების უფლება ექნებოდათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ამ სიაში ბევრი ბიზნესკომპანია ვერ მოხვდა, თუმცა როგორც მოგვიანებით განმარტეს, ეკონომიკის სამინისტროსთვის მიმართვისა და შემოწმების გავლის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესებს მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცემოდათ. როგორც აღმოჩნდა, კომპანია "სუფთა სახლი" ამ სიაში ვერ მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად ამბობენ, უსაფრთხოების ყველა წესი დაცული ჰქონდათ. 

საქართველოს მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკონომიკური საქმიანობა იზღუდება, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა.

კომენტარები