ახალი კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: I საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს Covid19-სგან გამოჯანმრთელებულ 2 პაციენტს გავწერთ

რადიო თავისუფლება

ლევან რატიანის თქმით, დღეს, 8 აპრილს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 71 პაციენტია მოთავსებული, მათგან 53-ს კორონავირუსი დადასტურებული აქვს, დანარჩენები კი ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რატიანის თქმით:

  • კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობის დინამიკა დადებითია.
  • ასევე მინდა გითხრათ, რომ 42 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც რამდენიმე დღის წინ მძიმე იყო, ახლა მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს ვენტილაციის საშუალებით.
  • რაც შეეხება ორსულების მდგომარეობას - ერთ მათგანთან გავიდა 14 დღე, მისი ანალიზები იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი.
  • მეორე ორსული - 8 კვირის ორსული - მისი და ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს.
  • რაც შეეხება 13 წლის ბიჭს - არანაირი უარყოფითი კლინიკა არ გაგვაჩნია, ბავშვი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი.
  • დანარჩენი პაციენტები - 27 მათგანს აქვს პნევმონია, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია და მკურნალობენ ინფექციონისტების და თერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ.

8 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 46 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 375;

კომენტარები