თალიბანი

თალიბანი ავღანეთის მთავრობასთან პატიმრების გაცვლის მოლაპარაკებებიდან გავიდა

AFP

7 აპრილს თალიბანი ავღანეთის მთავრობასთან პატიმრების გაცვლის მოლაპარაკებიდან გავიდა.

თალიბანმა განაცხადა, რომ პატიმრების გათავისუფლება შეფერხდა და ტექნიკური გუნდი უნაყოფო შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ავღანეთის მთავრობის სპიკერის თქმით, მთავრობა პატიმრების გათავისუფლების გეგმაზე მუშაობას აგრძელებს.

"თალიბანს ვთხოვთ, რომ მიზეზებით ახლა პროცესის საბოტაჟი არ მოახდინოს," - განაცხადა ქაბულის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯავიდ ფაისალმა.

თალიბანის წარმომადგენლები ქაბულში მარტში ჩავიდნენ, რათა პატიმრების გაცვლის პროცედურა დაეწყოთ. გასულ კვირას ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაავადებულ ან 50 წელს გადაცილებულ თალიბანის პატიმრებს გაათავისუფლებდნენ. სანაცვლოდ, თალიბანი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 20 წევრის გათავისუფლებას აპირებდა.

ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თალიბანი რამდნიმე მაღალი რანგის მეთაურის გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც გასულ წლებში ერთერთ ყველაზე ძალადობრივ თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი.

29 თებერვალს აშშ-მა და თალიბანმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც მომდევნო 14 თვეში ქვეყნის ტერიტორიიდან აშშ-ის და NATO-ს ჯარები გავა იმ შემთხვევაში, თუ დაგჯუფება ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

პატიმრების გათავისუფლება აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თქვა, რომ მის მთავრობას ამაზე თანხმობა არ განუცხადებია. მან ისიც თქვა, რომ ეს პირობა შესაძლოა განიხილონ თალიბანთან მოლაპარაკებებში, თუმცა არა როგორც მოლაპარაკებების წინაპირობა.

"ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ შიდა ავღანური მოლაპარაკებისათვის, მაგრამ ველით 5,000 პატიმრის გათავისუფლებას. თუ ჩვენი 5,000 პატიმარი - 100-ით ან 200-ით მეტი ან ნაკლები, მნიშვნელობა არ აქვს, არ გათავისუფლდება, შიდა ავღანური მოლაპარაკებები არ იქნება," - 3 მარტს თალიბანის სპიკერმა ზაიბულა მუჯაჰიდიმ თქვა, რომ მიუხედავად აშშ-სთან რამდენიმე დღის წინ მიღწეული შეთანხმებისა, ავღანეთის სამთავრობო ძალებზე თავდასხმას გააგრძელებენ.

აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 10 მარტს აშშ-მა ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. შეთანხმების მიხედვით აშშ-ს ხელმოწერიდან 135 დღეში ჯარისკაცების რაოდენობა 12,000-დან 8,600-მდე უნდა შეემცირებინა.

მიუხედავად შეთანხმებისა თალიბანი თავდასხმებს აგრძელებს და შეთანხმების შემდეგ რამდენიმე დღეში აშშ-მა უკვე განახორციელა საპასუხო დარტყმები.

კომენტარები