კორონავირუსი

ჩრდ. იტალიის რეგიონებში Covid-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტის დასადგენად მედიკოსებს ტესტებს უტარებენ

NYT

ჩრდილოეთ იტალიის რეგიონებში მედიკოსებს ანტისხეულების ტესტებს უტარებენ, რაც მათ დაეხმარებათ გაიგონ, Covid-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი გამომუშავებული აქვთ თუ არა.

იტალიაში ახალი ვირუსის გავრცელების ერთერთ პირველ რეგიონში ვენეტოში ტესტირება 6 აპრილს დაიწყო. ემილია-რომანიაში კი ტესტირების ჩატარება გასულ კვირას დაიწყეს.

საწყის ეტაპზე, ანტისხეულების ტესტებს 2000-დან 3000-მდე მედიკოსს ჩაუტარებენ, შემდეგ კი ეს შეეხება სამედიცინო პერსონალს, რეზიდენტებს და დასაქმებულებს, რომლებსაც საზოგადოებასთან აქვთ კავშირი.

რეგიონალურმა მმართველმა ლუკა ზაიამ განაცხადა, რომ მათ ვისაც ანტისხეულები აღმოაჩნდებათ, მთავრობა სამუშაო ადგილზე დასაბრუნებლად ლიცენზიას მისცემს.

მისი თქმით, დაახლოებით 2 კვირაში ან 1 თვეში საკმარისი მონაცემები დაუგროვდებათ.

იტალიაში 17 მარტის შემდეგ 6 აპრილს ახალი ვირუსით დაინფიცირების ყველაზე ნაკლები 3 599 შემთხვევა დადასტურდა.

იტალიის მთავრობა კრიზისის მეორე ეტაპს განიხილავს, როდესაც ბიზნესების გახსნა ნელნელა შესაძლებელი იქნება.

ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების სულ 132 547 შემთხვევა აღირიცხა. ბოლო 24 საათში იტალიაში 636 პირი გარდაიცვალა, ჯამში კი 16 523.

 

კომენტარები