მშენებლობის უფლება

კომპანიებმა თბილისში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის მერიას უნდა მიმართონ

კომერსანტი

თბილისის მერიის ინფორმაციით, ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის უფლება თბილისში, მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის უნდა მიმართონ მერიას ოფიციალური წერილობითი განცხადებით https://my.municipal.gov.ge/#!/guest/service-select- ზე, რომლითაც უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება.

"ამავე განცხადებაში მათ უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე, ასევე მუნიციპალიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული სუბიექტის მიერ შესაბამის ობიექტზე ამ წესების შესრულებისთვის საჭირო აღჭურვილობების და საშუალებების არსებობაზე," - წერია მერიის განცხადებაში. 

მერიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წერილის მიღების შემდეგ შემოწმდება ობიექტები და ამის შემდეგ მერია აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ ობიექტის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სიაში დამატებასთან და მშენებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება გაცხადებული პირობების და აღებული ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს, მას განახორციელებენ მუნიციპალიტეტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება წესების და რეკომენდაციების დარღვევა, პირზე გამოიწერება ადმინისტრაციული ჯარიმა და ეკონომიკურ აგენტს შეუჩერდება საქმიანობის განხორციელების უფლება," - წერია მერიის განცხადებაში. 

31 მარტიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ საგამონაკლისო ეკონომიკური საქმიანობა არის შესაძლებელი. ამაში არ შედის მშენებლობები, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს საგამონაკლისო წესით შეუძლია ცალკეულ კომპანიებს საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცეს. ინფრასტრუქტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, მაგალითად შეზღუდვა არ შეეხება სახელმწიფოს დაკვეთით მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას.

მისივე თქმით, ის ორგანიზაციები, რომლებიც წარადგენენ მუნიციპალიტეტებში იმის დასტურს, რომ მათი სამუშაო პროცესი ორგანიზებულია ისე, რომ ეს შეესაბამება სრულად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს, ასეთ სამშნებლო კომპანიებს და ასეთ სამშენებლო ობიექტებს მიეცემათ მუშაობის გაგრძელების საშუალება.

კომენტარები