კორონავირუსი საქართველოში

ჯანდაცვა: ქუჩაში მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეში გაატარებენ

aris.ge

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოყოფილია სპეციალური სივრცე, სადაც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ. 

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის, თქმით, მათ დაიქირავეს სპეციალური ფართი, სადაც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ. მაღლაფერიძისვე თქმით, ამ პერიოდის დასრულების შემდეგ მათ სხვადასხვა დაწესებულებაში გაანაწილებენ. 

მერი მაღლაფერიძე ამბობს, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო იმ რეკომენდაციებს მიჰყვება, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა გაცემული. 

"ჩვენ უნდა დავიცვათ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ვირუსის საფრთხისგან და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ. როგორც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო, ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა მოწყვლადი კატეგორია და მოვარგოთ სერვისები იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია,"- ამბობს მერი მაღლაფერიძე. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა. 

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები სრულად საკარანტინო რეჟიმზე არიან გადასულები. ამასთან, საკარანტინო რეჟიმში 4 000 ადამიანზე მეტია მოთავსებული. 

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

კომენტარები