სტივ მაკქუინი

5 ფილმი სტივ მაკქუინის შემოქმედებიდან

Hollywood Reporter

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობისა და მრბოლელის სტივ მაკქუინის დაბადებიდან 90 წელი გავიდა.

მაკქუინი 60-70-იანი წლების უდიდესი ვარსკვლავი და სექს სიმბოლო იყო. ყოფილი ჯარისკაცის კარიერა 50-იან წლებში დაიწყო, იგი ეპიზოდურ როლებს ასრულებდა, პარალელურად ბროდვეის დადგმებში იღებდა მონაწილეობას. მსახიობმა პირველი დასამახსოვრებელი როლი 1960 წელს შესანიშნავ შვიდეულში შეასრულა. 70-იანებში მაკქუინი ავტორბოლებით და აღმოსავლური ორთაბრძოლებით დაინტერესდა. მისი ახლო მეგობრები იყვნენ ბრიუს ლი და ჩაკ ნორისი. 

70-იანების მიწურულს მსახიობს ფილტვების სიმსივნე დაუდგინდა. სტივ მაკქუინი 1980 წელს გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზი ოპერაციის შემდგომი გულის შეტევა გახდა. მსახიობი 50 წლის იყო. 

წარმოგიდგენთ ხუთ ფილმს სტივ მაკქუინი შემოქმედებიდან:

შესანიშნავი შვიდეული

პირველი დიდი როლი მსახიობის შემოქმედებაში. 1960 წელს ჯონ სტარჯესის მიერ გადაღებულ ფილმში მაკქუინმა ვინ ტენერის როლი შეასრულა. მსახიობმა ვესტერნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი შექმნა. მის მიერ განასახიერებული კოვბოი ორიგინალური საუბრის, მოძრაობის, იარაღის ჭერისა და ქუდის გასწორების მანერით ქრესტომათიული გახდა.

დიდი გაქცევა

შესანიშნავი შვიდეულის გადაღებებზე მაკქუინით აღფრთოვანებულმა ჯონ სტარჯესმა შემდეგ დიდ პროექტში მსახიობი მთავარ როლზე დაამტკიცა. მოქმედება მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ვითარდება და ტყვეთა ბანაკიდან ამერიკელი სამხედროების გაქცევის ისტორიას მოგვითხრობს. როლმა მაკქუინს პირველი სიდიდის ვარსკვლავის სტატუსი მოუტანა. 

ქვიშიანი რიყის ქვები

სამხედრო გემზე მომუშავე მამაცი მექანიკოსის როლმა მსახიობს კარიერაში პირველი და უკანასკნელი ოსკარის ნომინაცია მოუტანა. 1966 წლის ფილმი რიჩარდ მაკკენას რომანს ეფუძნება, ეკრანზე პარტნიორობას მაკქუინს რიჩარდ ატენბორო და ქენდის ბერგენი უწევენ.

 

ბულიტი

თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე მაღალბიუჯეტიან ბლოკბასტერში მაკქუინმა პრინციპული, ცივსისხლიანი პოლიციელის როლი შეასრულა. სურათში არაერთი დევნის სცენაა, მსახიობი სწორედ ბულიტის შემდეგ ავტო და მოტო რბოლებით სერიოზულად დაინტერესდა.

პეპელა

რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმი იმ დროისთვის წარმოუდგენელი თანხა - 12 მილიონი დოლარი დაჯდა, აქედან 2 მილიონი მაკქუინის ჰონორარი იყო. სურათი ფრანგული კოლონიალური ციხის პატიმრების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, ანრი შარიერის როლისთვის მსახიობმა ოქროს გლობუსის ნომინაცია დაიმსახურა. 

კომენტარები